აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე მუშაობს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის მოქალაქეების მიმართ დამატებითი სანქციების შემოღებას განიხილავს. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ტელეკომპანია CBS-ის ეთერში განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, რატომ არ ამტკიცებს თეთრი სახლი კონგრესის მიერ მხარდაჭერილ სანქციებს, ტილერსონმა უპასუხა, რომ მათ ეს უკვე გააკეთეს და გადადგეს კანონით გათვალსიწინებული ნაბიჯები, რომელიც კრძალავდა რუსეთთან სამხედრო შეთანხმებების გაფორმებას. „ჩვენ ამჯერად ახალი სანქციების შემოღებას განვიხილავთ, რუსეთის დამატებით რამდენიმე მოქალაქეზე“ - დასძინა სახელწმიფო მდივანმა.

რექს ტილერსონმა ინტერვიუში ასევე ისაუბრა, რომ 18 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა საქმიან ფორმატში რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან, მაშინ, როცა კომპანია ExxonMobil-ის სათავეში იდგა. კითხვაზე, რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ის სახელმწიფო მდივანი გახდა, მან უპასუხა, რომ პუტინთან პირველივე შეხვედრაზე მას უთხრა: „ბატონო პრეზიდენტო, მე იგივე ადამიანი ვარ, მაგრამ სხვა ქუდით“. როგორც ტილერსონმა აღნიშნა, მისი დანიშნვის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, ვინაიდან მას სხვა როლის შესრულება მოუწია. მისივე თქმით, პუტინს უთხრა, რომ ამიერიდან ის ამერიკელი ხალხს წარმოადგენს და პუტინმა გაიგო, თუ რას გულისხმობდა ის.

კოკა კვირკველია