"მივესალმებით მშენებლობის მაღალ ტემპს, თუმცა ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანების მსხვერპლის და ურბანული დამახინჯების ხარჯზე"

სამშენებლო სფეროს მიმართულებით სანქციების გამკაცრება იგეგმება. სწორედ ეს საკითხი იყო თბილისის მერს კახი კალაძესა დ პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შორის გამართული შეხვედრის თემა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ცვლილებები პროდუქტის უსაფრთხოების კოდექსში აისახება, რომელიც თავის მხრივ, “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს დაემატება. აღნიშნული პაკეტი მეორე მოსმენით განხილვის საგანია.

“დღეს სამშენებლო სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კონსულტაციები შედგა. მინდა თბილისის მერს მადლობა გადავუხადო ინიციატივისთვის. ამ ინიციატივის საფუძველზე დაჩქარდება საქართველოს პარლამენტში იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც სწორედ ამ საკითხს ეხება. ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნებლი საკითხია. სამშენებლო სამუშაოებზე ძალიან ხშირად არის მსხვერპლი. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიზანია, რომ ჩვენ სწორად დავარეგულიროთ საკითხი. საქმე ეხება მათ შორის სანქციების გამკაცრებას. საქმე ასევე ეხება ადმინისტრირების გაუმჯობესებას. ასევე საუბარია უნებართვო მშენებლობებთან დაკავშირებულ სანქციებზე. ეს არის ის საკითხი, რომელიც ასახულია პაკეტში. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს საბოლოო ჯამში პრობლემის არსებითად მოგვარებას. ჩვენ რა თქმა უნდა, მივესალმებით მშენებლობის მაღალ ტემპს, თუმცა დაუშვებელია და ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანების მსხვერპლისა და ურბანული დამახინჯების ხარჯზე“, - განაცხადა კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.