ვიზალიბერალიზაციით 220 000-მა ადამიანმა ისარგებლა , - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში განუცხდა, სადაც ამ წუთებში ცენტრის გასული წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს.
როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, ვიზიტები ძირითადად ტურისტული მიზნით, ბიზნეს და კულტურული კავშირების დასამყარებლად განხორციელდა.
"ვიზალიბერალიზაციით ისარგებლა ძალიან ბევრმა ადამიანმა, 220 ათასმა პირმა. ეს არის ნამდვილად დიდი წარმატება, დიდი შესაძლებლობა. ეს ვიზიტები ძირითადად ემსახურებოდა ტურისტულ მიზნებს, ბიზნესკავშირებისა და კულტურული კავშირების გაღრმავებას, თუ სხვა მოკლევადიან ვიზიტებს. არის გარკვეული რაოდენობა, რომელიც თავშესაფარს ითხოვს ევროკავშირში. ისინი არასწორად, არამიზნობრივად ითხოვენ თავშესაფარს. თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ დაკმაყოფილება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დევნილია თავის ქვეყანაში პოლიტიკური წნეხის, პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვის გამო და ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. ასეთი შემთხვევების დაკმაყოფილება, თუ ავიღებთ შვედეთის მაგალითს, საერთოდ არ მოხდა გასულ წელს, რადგან საქართველო არის თავისუფალი ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკურ თავისუფლებას და ასევე ბევრად უკეთ არის დაცული ადამიანის უფლებები, ვიდრე ეს იყო წლების წინ. ევროკავშირის ექვსმა წევრმა ქვეყანამ საქართველო აღიარა უსაფრთხო ქვეყნად ადამიანის უფლებების და თავისუფლებების კუთხით. შესაბამისად, ეს მოთხოვნა ხშირ შემთხვევაში არალეგიტიმურია და არ კმაყოფილდება. ამიტომ ეს არის ლატარია ამ მოქალაქეებისთვის, ისინი ხარჯავენ თავიანთ ისედაც მცირე რესურსს, რომ ჩავიდნენ და თავშესაფარი მოითხოვონ. საბოლოო ჯამში კი, მათი მოთხოვნა არ კმაყოფილდება. ამიტომ მათთვის ეს არის რისკი, საფრთხე. გვინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ ისინი, რომ არ წამოეგონ ცრუ ინფორმაციას, ცრუ დაპირებებს შუამავლებისგან თუ ნაცნობებისგან, კარგად გაიაზრონ რა მიზანს ემსახურება მათი ვიზიტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, - განაცხდა ჯანელიძემ.