კრიპტოვალუტის საფრთხეები და გამდიდრების რეალური შანსები - რჩევები ქართველი მაინერებისგან

კრიპტოვალუტის მაინინგი - ალბათ ბოლო რამდენიმე თვეა ეს ფრაზა აქტიურად გესმით, ისიც ცნობილია, რომ აღნიშნული საქმიანობით საკმაოდ მაღალი შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი, თუმცა ბევრმა ჩვენგანმა არ იცის, ეს როგორ გააკეთოს.

საქართველო კრიპტოვალუტის მომპოვებელი მაინერების რაოდენობით აშშ-სა და ჩინეთთან ერთად მსოფლიო სამეულშია, შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ბევრი იცნობს, აქტიურადაც იყენებს და სოლიდური მოგებაც აქვს.

როგორ მოიპოვებენ მაინერები კრიპტოვალუტას? ამის შესახებ AMBEBI.GE კრიპტოვალუტის ორ ქართველ მაინერს ესაუბრა, რომლებიც მაინინგის მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ.

ორივე მათგანი კრიპტოვალუტით დაინტერესების დღიდან ყველა ტიპის ინფორმაციას ეცნობოდა, რაც ინტერნეტში მოიპოვებოდა, შემდეგ დაიწყეს მისი გაფილტვრა, ბლოკჩეინის ტექნოლოგიის შესწავლა, ისეთ პირებთან კონსულტაციები, რომლებიც აღნიშნულ პროცესებში უკვე ერკვეოდნენ, საბოლოოდ კი მაინინგის მოწყობილობები შეიძინეს.

"მიმზიდველია, რადგან საინტერესო და რთულია, მაგრამ ძალიან დიდ რისკს შეიცავს. არავითარ შემთხვევაში ზერელედ არ უნდა მოეკიდო, ანუ ძალიან სიღრმისეულად უნდა შეისწავლო და ყველაფერი გაიგო, მაგრამ ერთბაშად ვერაფერს ვერ ისწავლი, ეს პროცესი ეტაპობრივად უნდა გაიარო. შეიძლება თავიდან ბევრი რამ არასწორად გესმოდეს, მაგრამ როდესაც ამ პროცესში ჩაერთვები და მაინინგის მოწყობილობას შეეხები, ეს უკვე დიდ პრაქტიკასა და ცოდნას გაძლევს," - განმარტავს ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი მაინერი.

მაინინგი კრიპტოვალუტის მოპოვების პროცესია, რომელშიც ჩვენი რესპონდენტი დაახლოებით ერთი წლის წინ ჩაერთო. მას რამდენიმე ბიტკოინი; რიპლი და მაინინგის ერთი მოწყობილობა აქვს, რომელიც პირდაპირ მწარმოებლისგან შეიძინა.

"თავიდან მაინერების ყველაზე სანდო ვერსიებს გადავხედე და საბოლოოდ 1500$-ად აგვისტოში ერთ-ერთი მათგანი შევიძინე, მისი კვების ბლოკი კი ცალკე იყიდება და 105$ ღირს. მას შემდეგ ბიტკოინის ღირებულება იზრდებოდა და დღეში ჩემი გამომუშავება 50$-ს შეადგენდა, შესაბამისად, მაინინგის მოწყობილობის თანხა მალევე ამოვიღე. სახლში კომუნალურ გადასახადებს სწორედ გამომუშავებული თანხით ვიხდი, ასევე კრიპტოვალუტის მაინინგით მობილური ტელეფონი შევიძინე," - განმარტავს ის.

როდესაც ბიტკოინის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს, თითქმის 21 000$-ს მიაღწია, ყველაზე მაღალი გამომუშავება მაინერებს სწორედ ამ პერიოდში ჰქონდათ, თუმცა ამჟამად, როგორც Ambebi.ge-ს მაინინგით დაკავებული რესპონდენტი განუმარტავს, გამომუშავება თითქმის 10$-მდეა შემცირებული, რადგან აღნიშნული კრიპტოვალუტის ღირებულება მკვეთრად დაეცა.

მისი თქმით, როდესაც კრიპტოვალუტის მაინინგის პროცესში ერთვები და ინფორმაციის მოპოვებას ცდილობ, უნდა იცოდე, რომ არსებობს ცრუ საიტები, რომლებიც არასწორ ინფორმაციას გაწვდიან, ამიტომ აღნიშნული წყაროების სწორად შერჩევა და გადამოწმება აუცილებელი პროცესია. ინფორმაციის გადასამოწმებლად, როგორც თავად მაინერი აღნიშნავს, სოციალური ქსელები კარგი საშუალებაა, სადაც სპეციალურად შექმნილ ჯგუფებში კრიპტოვალუტით დაინტერესებული პირები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.

"ასევე არსებობს გამომძალველი საიტები, რომლებიც ვითომ კრიპტოვალუტის საფულეებს წარმოადგენენ, სინამდვილეში კი თაღლითები არიან. მე კრიპტოვალუტის შესანახად თავიდანვე რამდენიმე საფულე შევარჩიე. არსებობს ვებ-საფულე, ასევე კომპიუტერში პროგრამულად ჩასაწერი და ჰარდვეარზე ჩასაწერი საფულეები. ვებგვერდზე შენს ფულს ანდობ ისეთ ადამიანს, რომელსაც ვერ ხედავ და არ იცნობ, ამიტომ უნდა მოძებნო გამოცდილი და რეალური საფულეები. მე ჩემი კრიპტოვალუტა ონლაინ საფულეში მაქვს და თანხას ვაკონვერტირებ ხოლმე," - აღნიშნავს მაინერი.

მოწყობილობა მაინერი, რომელსაც როგორც ონლაინ-გაყიდვების ვებ-გვერდებიდან, ისე მწარმოებლებისგან იძენენ, ახდენს ბლოკების გამოთვლას, რომლებშიც კრიპტოვალუტის ნაგლეჯებია განთავსებული. გამოთვლის სისწრაფე მოწყობილობის სიმძლავრეზეა დამოკიდებული. კრიპტოვალუტის მაინინგში ჩართული პირის თქმით, დღეს, როდესაც საქართველოში კრიპტოვალუტის, განსაკუთრებით კი ბიტკოინის გამომუშავება ძალიან პოპულარულია, დამწყებისთვის ამ პროცესში ჩართვა ძალიან გართულდა.

"თავიდანვე იყო დათქმა, რომ 21 მილიონი ბიტკოინი გამოვიდოდა, საიდანაც დიდი ნაწილი უკვე ათვისებულია, გამომუშავების შემცირების მიზეზი შეიძლება ესეც იყოს. ახლა შეიძლება ბიტკოინის გამომუშავებას ერთი წელიც კი მოანდომო, როცა ადრე ეს 1 კვირაში ხდებოდა," - აღნიშნავს ის.

Ambebi.ge-ს რესპონდენტი თანხას რიპლითაც გამოიმუშავებს, რომელსაც შედარებით დაბალი ღირებულება აქვს, თუმცა ბევრი რიპლის შეძენის შემთხვევაში გარკვეული მოგების მიღება შესაძლებელია. მისი თქმით, თავდაპირველად რიპლი 80 ცენტად შეიძინა და 2$-ად გაყიდა, შესაბამისად სასურველი მოგება დარჩა. მიაჩნია, რომ კრიპტოვალუტაში ჩადებული ფული დაკარგულად უნდა ჩავთვალოთ, რადგან რისკი ძალიან მაღალია, ამიტომ მასში გრძელვადიანი ინვესტიციის ჩადება ნაკლებად გონივრულია.

IT სპეციალისტი, დაჩი კეთილაძეც კრიპტოვალუტის მაინინგითაა დაკავებული. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბლოკჩეინის სისტემის უსაფრთხოებასა და ანონიმურობაზე ხაზგასმა მუდმივად ხდება, ჩვენი კაპიტალი და მონაცემები კრიპტოვალუტით ტრანზაქციების შესრულებისას ბოლომდე დაცული მაინც არ არის.

"კრიპტოვალუტის ბლოკჩეინი არის დეცენტრალიზებული სისტემა, რომელიც სხვადასხვა მოწყობილობისგან შედგება. მათ ბლოკჩეინში გავლილი აქვთ სინქრონიზაცია და ამ მთლიანი, დეცენტრალიზებული სისტემის შემადგენელი ნაწილაკები არიან, რომელთაც ერთი, მთლიანი აზროვნების უნარი გააჩნიათ. მაგალითად, თუ ვინმე ბლოკჩეინში არასწორ ინფორმაციას აგზავნის, სხვა დანარჩენი წევრები მას ამუშავებენ და ამბობენ, რომ ეს პირი იტყუება. შესაბამისად, ბლოკჩეინის ერთი კონკრეტული პირის მიერ მართვა არ ხდება ეს დეცენტრალიზებული სისტემაა.

რაც შეეხება ანონიმურობას, მიმაჩნია, რომ კიბერსამყაროში 100%-ით დაცული ვერავინ იქნება. გააჩნია, შენ მიერ შეძენილ კრიპტოვალუტას სად ინახავ და მის აკუმულირებას როგორ ახდენ, საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად უნდა იზრუნო. არსებობს კრიპტოვალუტები, რომელთაც ანონიმურობის კუთხით უფრო ენდობიან, მაგრამ 21-ე საუკუნეში ანონიმურობაზე ლაპარაკი ცოტა რთულია, ეს მხოლოდ ერთეულების ფუფუნებაა," - აღნიშნავს დაჩი კეთილაძე.

როგორც მაინინგით დაკავებული IT სპეციალისტი განმარტავს, საქართველოში ყველა ძირითადი კრიპტოვალუტა პოპულარულია. მაგალითად, ბიტკოინი, ლაიტკოინი, ეთერიუმი და სხვა. მათი მიმზიდველობა კი ფულის მარტივად მოპოვებაში მდგომარეობს.

"კრიპტოვალუტის მაინინგი საშუალებას გაძლევს, რომ მცირე ინვესტიციით მაღალი შემოსავალი მიიღო. დღეს კრიპტოვალუტის კურსი ცოტა შემცირებულია, მაგრამ ცოტა ხნის წინ, როდესაც მაინერი მე თვითონ შევიძინე, 3 თვე იყო საჭირო, რომ მასში გადახდილი თანხა ამოგეღო და დამატებითი შემოსავალიც მიგეღო," - იხსენებს დაჩი. იხილეთ გაგრძელება