მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ბილ გეიტსი ამბობს, რომ შეერთებული შტატების საგადასახადო რეფორმა, განსაკუთრებით ხელსაყრელია კორპორაციებისა და ძალიან მდიდარი ადამიანებისთვის.
„მაიკროსოფტის“ დამაარსებელის თქმით, მდიდარი ამერიკელები, მათ შორის თავადაც, „გაცილებით მეტ გადასახადს უნდა იხდიდნენ“.
„მე უფრო მეტ გადასახადს უნდა ვიხდიდე. მე სხვებზე მეტი გადასახადი მაქვს გადახდილი - 10 მილიარდ დოლარზე მეტი. მაგრამ მთავრობა ჩემი შეძლების მქონე ადამიანებისგან გაცილებით მეტ გადასახადს უნდა მოითხოვდეს“, - „სიენენთან“ საუბრისას განაცხადა გეიტსმა.
მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის, გეიტსს მეორე ადგილი უკავია. ამჟამად სიის სათავეში კომპანია „ამაზონის“ დამაარსებელი და შეფი ჯეფ ბეზოსი იმყოფება.
გეიტსი თვლის, რომ მდიდარი ადამიანების დაბეგვრის მხრივ, საგადასახადო რეფორმა კრიტიკას იმსახურებს. მისი თქმით, ამ თვალსაზრისით რეფორმა არის არა პროგრესული, არამედ უფრო რეგრესული. ის თვლის, რომ რეფორმის შედეგად, ყველაზე მდიდარი ადამიანები კიდევ უფრო შეღავათიან პირობებს ღებულობენ. თუმცა რესპუბლიკელების აზრით, რეფორმა პირველ რიგში, უბრალო ამერიკელების ფინანსური მხარდაჭერისთვისაა მოწოდებული.
„ვინც მდიდარია, უფრო მეტ უპირატესობას მიიღებს, ვიდრე საშუალო შეძლების და ღარიბი ადამიანები. ეს კი იმ მიზანს ეწინააღმდეგება, რისთვისაც ეს რეფორმაა შემოთავაზებული. მან უნდა უზრუნველყოს სოციალური უზრუნველყოფის სისტემა და ყველაზე მდიდრები, უფრო მაღალი გადასახადებით დაბეგროს“, - ამბობს გეიტსი.
ცნობისათვის, გეიტსს ქველმოქმედებისთვის 40 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს გაღებული, მისი ქონება კი ამჟამად 90 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.