სასტუმროების ფასების ინდექსი იანვარში 2017 წლის დეკემბერთან შედარებით 6.4%-ით შემცირდა.
ამის შესახებ ინფორმაცია საკონსულტაციო ცენტრი PMCG-ის კვლევაშია მოცემული.
სასტუმროების სტანდარტული ორადგილიანი ნომრების ფასები, დეკემბრის ფასებთან შედარებით, ყველაზე მეტად შეიცვალა თბილისში, კერძოდ, დედაქალაქში ფასი 9.9%-ით შემცირდა. ეს კი შეიძლება დავუკავშიროთ იანვარში საერთაშორისო ვიზიტორების შემცირებულ ნაკადებს დეკემბერთან შედარებით.
დეკემბერში მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში, გუდაურის და ბაკურიანის სასტუმროებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაზრდილი ფასები იანვარშიც შენარჩუნდა, ხოლო მცხეთა-მთიანეთის სასტუმროების ფასები 3.4%-ით შემცირდა.
„დეკემბრის მსგავსად, სასტუმროების სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრების ფასებმა სტაბილურობა შეინარჩუნა, ერთი მხრივ, რეგიონებში, რომლებიც არ ხასიათდებიან სეზონურობით და მეორე მხრივ, რეგიონებში, რომლებიც სასტუმროთა ბაზრის მცირე მონაწილეები არიან. კახეთის და იმერეთის რეგიონებში სასტუმროს მომსახურებაზე მოთხოვნა ნაკლებად იცვლება სეზონურობიდან გამომდინარე. რაჭის, გურიის, ქვემო ქართლის და შიდა ქართლის რეგიონებში სასტუმროების და რესტორნების სექტორში შექმნილი დამატებითი ღირებულების წილი აღნიშნულ სექტორში შექმნილ მთლიან დამატებით ღირებულებაში უმნიშვნელოა (2016 წლის მონაცემებით 3%).
3-4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით 7.8%- ით შემცირდა. მოცემული ტიპის სასტუმროებში სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად შემცირდა თბილისში და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.
რაც შეეხება საოჯახო ტიპის სასტუმროებს, ფასების დონემ აღნიშნული ტიპის სასტუმროებში 2018 წლის იანვარში 2017 წლის დეკემბერთან შედარებით, უმნიშვნელოდ მოიმატა (3.3%-ით). რეგიონების მიხედვით კი, ფასები ყველაზე მეტად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გაიზარდა,“-ნათქვამია კვლევაში.