ენერგოომბუდსმენი დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

 

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი კიკეთისა და კოჯრის მოსახლეობას შეხვდა.

ვარდიაშვილის ინფორმაციით, მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მასობრივად მიმართეს კიკეთისა და კოჯრის მოსახლეობამ, სს ,,თელასის“ მიერ ელექტროენერგიის მოხმარების თანხის უსაფუძვლო დარიცხვის შესახებ.

აღნიშნული განცხადებების საფუძველზე, 13 მაისს საზოგადოებრივი დამცველი კიკეთისა და კოჯრის მცხოვრებლებს შეხვდა და ადგილზე გაეცნო მათ მიერ დასახელებულ პრობლემებს. შეხვედრაზე მოქალაქეებმა რამდენიმე პრობლემა გამოკვეთეს. ისინი, ძირითადად, მიუთითებდნენ მათ ქვითრებზე აღნიშნულ შეუსაბამოდ დიდ თანხებზე.

მოქალაქეებთან გასაუბრებით გაირკვა, რომ ზოგიერთი აბონენტი არ არის მუდმივად მაცხოვრებელი, ისინი მხოლოდ სეზონურად სტუმრობენ აგარაკს, შესაბამისად, დარიცხული თანხები აბსოლუტურ გაუგებრობას იწვევს. ასევე, არ ეთანხმებიან მითითებულ თანხებს მოხუცები და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახები, რომლებიც ეკონომიურად მოიხმარენ ელექტროენერგიას.

საკითხის სიღრმისეული შესწავლის მიზნით, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა ახსნა-განმარტებისთვის სს "თელასს" მიმართა, რის შემდეგაც გატარდება შესაბამისი ღონისძიებები მომხმარებელთა უფლებების დასაცავად.