საცხოვრებელ სახლებში ციფრული ვალუტების, "მაინინგ-ფერმების" მონტაჟის გამო დენის ხარჯი ერთბაშად 10-ჯერ იზრდება, ხოლო ტემპერატურა 6-10 გრადუსით იწევს. მოსალოდნელია, რომ ხარჯი გაცილებით მოიმატებს ზაფხულში და, ზამთართან შედარებით, მომხმარებელს დენის გადასახადი დამატებით კიდევ 30%-ით გაეზრდება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მაღალი ტემპერატურის გამო დიდია საფრთხე, რომ ცხელ დღეებში საცხოვრებელ ბინაში მაინინგის პროცესი ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდეს და ამაზე ზოგიერთ ქვეყანაში უკვე ალაპარაკდნენ.
არ არის გამორიცხული, რომ ციფრული ვალუტის წარმოების პროცესის რეგულირების აუცილებლობაც დადგეს, რაზეც ჯერჯერობით მხოლოდ სპეციალისტები საუბრობენ. ცალკე საკითხია ის, რომ შეიძლება, საყოფაცხოვრებო ელექტროქსელმა დიდ დატვირთვას ვერ გაუძლოს და მწყობრიდან გამოვიდეს.
სხვადასხვა უცხოურ საიტზე საკმაოდ ხშირია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საცხოვრებელ სახლებში ციფრული ვალუტის "მაინინგ-ფერმების" წინააღმდეგ გარკვეული შეზღუდვის შემოღებას აპირებენ. საქმე ისაა, რომ ეს მოწყობილობები რამდენჯერმე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე საყოფაცხოვრებო პირობებისთვის არის საჭირო. ცალკე პრობლემაა ისიც, რომ იგი იწვევს ტემპერატურის მკვეთრ მატებას შენობაში, რაც საფრთხეს განსაკუთრებით ზაფხულში ზრდის.
რუსი სპეციალისტები ამბობენ, რომ შეიძლება, საცხოვრებელ ფართებში მაინინგმა ელექტრონული გაყვანილობაც კი გამოიყვანოს მწყობრიდან, რადგან დატვირთვა მკვეთრად მატულობს როგორც ინფორმაციის გადამუშავების პროცესში, ასევე - აპარატურის გაგრილებისთვის. არ არის გამორიცხული, ხანძრის კერებიც გაჩნდეს.
როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ერთი "მაინინგ-ფერმა" 8-10-ჯერ ზრდის ელექტროენერგიის მოხმარებას და ასევე 6-10 გრადუსით მაღლა სწევს ტემპერატურას, რაც ზაფხულში სერიოზულ პრობლემას შექმნის.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა კონკრეტულად ციფრული ვალუტების წარმოების პროცესს უკავშირდება. მაგალითად, 2018 წლის იანვარში ელექტროენერგიის მოხმარება მთელი ქვეყნის მასშტაბით 72 მლნ კვტ/სთ-ით გაიზარდა, რაც 6,5%-ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. შესაბამისად, მოიმატა იმპორტმაც, შარშანდელთან შედარებით, 22 მლნ კვტ/სთ-ით, ვიდრე შარშან. ეს ყველაფერი უკავშირდება ციფრული აპარატურის შემოტანას ქვეყანაში. როგორც დეპუტატი და ენერგეტიკოსი რეზო არველაძე აცხადებს, სწორედ ციფრული ვალუტის გამომუშავების პროცესს შარშან 50-0 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია დასჭირდა.
ციფრული ვალუტის გამომუშვება გახშირდა იმ რეგიონებში, რომლებსაც დენი შეღავათიანი პირობით ან სულაც უფასოდ მიეწოდება. ასეთია, მაგალითად, აფხაზეთი და სვანეთი, სადაც ბოლო პერიოდში მაინინგის პროცესი საკმაოდ გააქტიურდა. აღნიშნული რეგიონების გარდა, ბიტკოინების ციებ-ცხელება პოპულარულია მთელი ქვეყნის მასშტაბით და ეს პროცესი უკვე შეუქცევადია.
ენერგეტიკოსები "ბიზნეს-რეზონანსთან" განმარტავენ, რომ ვისაც მაინინგის აპარატურა აქვს, აუცილებლად უნდა გააჩნდეს დიდი სიმძლავრის ელექტრომოწყობილობა. როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე ამბობს, საცხოვრებელ გარემოში მისი გამოყენება საშიშია, განსაკუთრებით - ზაფხულში.
"ციფრული ვალუტის გამოსამუშავებლად საჭირო აპარატი სხვა არაფერია, თუ არა უმძლავრესი კომპიუტერი. იმისათვის, რომ ამ მოწყობილობამ იმუშაოს, უნდა ჰქონდეს გაგრილების კარგი სისტემა, რაზეც ძალიან დიდი ელექტროენერგია იხარჯება. ამიტომ ბიტკოინისა და სხვა ციფრული ვალუტის გამოსამუშავებლად, ვისაც აქვს შესაბამისი ტექნიკა, მას სჭირდება დიდი სიმძლავრის ელექტრომოწყობილობა. ბიტკოინის გამოსამუშავებლად ასეულობით კილოვატ/საათი ელექტროენერგიაა საჭირო 1 თვის განმავლობაში. თუ გავითვალისწინებთ, რომ დენის ტარიფი გაზრდილია, შესაბამისად, მომხმარებელს ყოველთვიურად მეტის გადახდა უწევს", - განმარტავს არაბიძე.
მისი ინფორმაციით, ოჯახს, სადაც მაინინგი მიმდინარეობს, ელექტროენერგიის ხარჯი 10-ჯერ აქვს გაზრდილი. მაგალითად, თუ ჩვეულებრივ პირობებში ოჯახი თვეში იხდის დაახლოებით 30 ლარს, მაინერების გამოყენების შემთხვევაში მისი გადასახადი 300 ლარსაც კი გაუტოლდება.
"ზაფხულში "მაინინგ-ფერმებს" დასჭირდება უფრო დიდი სიმძლავრის გაგრილების სისტემა, ვიდრე ზამთარში, ამიტომ ამ აპარატურის სახლში მონტაჟს განსაკუთრებით ერიდებიან. ბუნებრივია, შენობაში ტემპერატურის მკვეთრი ზრდა გარდაუვალი იქნება. როგორც ვიცით, 10-ჯერ იზრდება დენის ხარჯი, ტემპერატურა იწევს მაღლა, რაც ზაფხულში პრობლემას შექმნის და შეიძლება ხანძრის გამომწვევიც გახდეს.
ელექტროენერგიის ქსელმა შეიძლება, ვერ გაუძლოს ამხელა დატვირთვას, რადგან ასეთი სიმძლავრის ტექნიკა საოჯახო მოხმარებისთვის არ არის გათვლილი. საკმაოდ დამაფიქრებელი ვითარებაა და არ გამოვრიცხავ, მთავრობაში გარკვეული რეგულაციის შემოღებაზეც იმსჯელონ, რათა ამით ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ", - ამბობს არაბიძე.
რეგულაციის შემოღების შესაძლებლობაზე საუბრობენ საბანკო სექტორშიც. პროფესორი გოჩა თუთბერიძე ამბობს, რომ ელექტრონული ვალუტის მოპოვების პროცესს მხარს უჭერს, მაგრამ საჭიროა გარკვეული რეგულაციის შემოღებაც, თუკი ეს საქმიანობა ვინმესთვის ზიანის მომტანი გახდება.
"ციფრული ვალუტის გამომუშავების პროცესი არ უნდა შეიზღუდოს, თუკი კონკრეტული ჯგუფის ან ადამიანის საქმიანობა საფრთხეს არ ქმნის. ბიტკოინი თანამედროვეობის გამოწვევაა, რაზეც ვერ ვიტყვით უარს და ვერ ავკრძალავთ. ზოგადად პრობლემას ვერ ვხედავ, რომ მაინინგის პროცესი მიმდინარეობდეს. აქ საუბარია, რომ რომელიღაც კომპანიას აქვს დასაბუთებულად მინიჭებული შეღავათი და იაფად ყიდულობს ელექტროენერგიას, ვიდრე სხვა მომხმარებელი. ეს სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას და აქ ჩარევა აუცილებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მაინინგის პროცესი აიკრძალოს.
რამდენსაც დახარჯავს, იმდენი უნდა გაიდახადოს მოქალაქემ, ეს მისი ნებაა, მაგრამ თუკი საფრთხეა, მაშინ სპეციალისტებმა ხმამაღლა უნდა განაცხადონ. ასეთ შემთხვევაში რეგულაციის შემოღება აუცილებელია", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას გოჩა თუთბერიძემ.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"