ბოსნია და ჰერცოგოვინა საგადასახადო სფეროში საქართველოს გამოცდილების დანერგვას გეგმავს

ბოსნიისა და ჰერცოგოვინას არაპირდაპირი გადასახადების უწყებისა (ITA) და გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNSTAD) წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დღეს დაიწყო.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან UNSTAD-ის ASYCUDA-ს პროგრამის ხელმძღვანელი ფაბრის მილე, ამავე პროგრამის რეგიონული კოორდინატორი ნიკოლაი პოპა, ITA-ის IT დეპარტამენტის ხელმძღვანელი სვეტლანა პერკოვიჩი, ITA-სა და UNSTAD-ის სხვა მაღალი დონის წარმომადგენლები.

ვიზიტის პირველ დღეს გაიმართა დელეგაციის წევრების შეხვედრა შემოსავლების სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვარამაძესთან.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საგადასახადო სფეროში შემოსავლების სამსახურის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები და შეთანხმდნენ, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ ამ მიმართულებით. სტუმრების ინტერესის გათვალისწინებით, გაიმართა დეტალური პრეზენტაციები ზოგადად შემოსავლების სამსახურის, აგრეთვე, საბაჟო და საგადასახადო რისკების სისტემების შესახებ. სტუმრებს გააცნეს ასევე შემოსავლების სამსახურში დანერგილი კოორდინირებული საზღვრის მართვის სისტემა და ამ მიმართულებით რეგიონალური პერსპექტივები.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები გაეცნობიან შემოსავლების სამსახურში განხორციელებულ რეფორმებს ავტომატიზებული საბაჟო და საგადასახადო პროცედურების შესახებ, დაგეგმილია სტუმრობა საბაჟო გამშვებ პუნქტზე "წითელი ხიდი", თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში და ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრში.

იმის გათვალისწინებით, რომ ბოსნია და ჰერცოგოვინა ახლა იწყებს ASYCUDA World-ის პროექტის დანერგვას, ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ ამ პროგრამის შესახებ საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაა. თავიანთ ქვეყანაში ამ სისტემის დროულად და წარმატებით დანერგვის მიზნით, სტუმრები დეტალურად გაეცნობიან ASYCUDA World-ის სტატუსს საქართველოში, მის ინტეგრირებას ერთი სარკმლის პრინციპთან.

ვიზიტი 16 მაისს დასრულდება.