გვინდა გამოვეხმაუროთ, ბოლო პერიოდში RMG-ის წინააღმდეგ გამოთქმულ უსაფუძვლო ბრალდებებს, რაც კომპანიის საქმიანი რეპუტაციისა და კომპანიის იმიჯის შემლახავი, მიზანმიმართული კამპანიის ხასიათს ატარებს.
ჩვენ საქართველოსა და ამიერკავკასიაში ერთ-ერთი უმსხვილესი სამთო-მოპოვებითი კომპანია ვართ. კომპანიაში დასაქმებულია 3000-მდე ადამიანი, რომელთა 90% ქვემო ქართლის რეგიონის ადგილობრივი მოსახლეა. ასევე, კომპანია წლებია ახორციელებს მნიშვნელოვან სოციალურ, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ პროექტებს.
40 წლიანი ისტორიის მქონე საწარმოს გარემოსდაცვითი კუთხით გარკვეული საკითხები ნამდვილად დაუგროვდა. ამიტომაც, RMG-ის პრიორიტეტული მიმართულებად განსაზღვრულია გარემოს დაცვაზე ზრუნვა. კომპანიას გაცხადებული აქვს გარემოსდაცვითი პოლიტიკა, რომლის შემუშავებაშიც დარგის საერთაშორისო ექსპერტებმა მიიღეს მონაწილეობა. არსებობს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლეშიც გაწერილია ღონისძიებები, მათი შესრულების ვადები და ამ პროგრამისთვის დაგეგმილია ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება. კონკრეტული ღონისძიებები უკვე დაწყებულია. კომპანიაში მიმდინარე ყველა პროცესი ღიაა და დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი.
დღეს დაგეგმილ საჯარო განხილვაზე კომპანიის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განიხილება, თუმცა ზოგიერთი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფი ამ პროცესთან დაკავშირებით პოლიტიზებულ განცხადებებს აკეთებს. ვთხოვთ, ამ ჯგუფებს წარმოადგინონ კონკრეტული საქმიანი შენიშვნები და რეკომენდაციები იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც დღევანდელ საჯარო განხილვაზეა წარმოდგენილი. თავის მხრივ, კომპანია RMG თავისი გაცხადებული გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, ყველა საქმიანი შენიშვნისა და რეკომენდაციის გათვალისწინებაზე სრულ მზადყოფნას გამოთქვამს.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას თავი შეიკავონ თავისუფალი ბიზნესის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებებისა და ზეწოლისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია RMG გადადგამს შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს.