”გეზში” რიგები აღარ არის

BPN-თვის ცნობილი გახდა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში, ლილოში მდებარე ”გეზში” (გაფორმების ეკონომიკური ზონა), განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო.

დეკლარანტებს განბაჟებასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოებისთვის ხალხმრავალ რიგში, დიდი ხნის განმავლობაში უწევდათ ყოფნა. ეს კი, ბუნებრივია, მათ უკმაყოფილებას იწვევდა.

როგორც შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოში აცხადებენ, ამჟამად ”გეზში” რიგები აღარ არის და დაახლოებით 15-20 ადამიანია, რომელიც განბაჟებასთან დაკავშირებულ პროცედურებს გადის.

”განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მოგეხსნებათ, რომ ბოლო ოთხი დღე უქმეები იყო. მართალია, ”გეზი” უქმეებზეც მუშაობს, მაგრამ ამ დღეებში სერვისებზე განსხვავებული ტარიფია, დაახლოებით ორმაგი, ვიდრე სამუშაო დღეებში, ამიტომ დეკლარანტებმა მოცდა არჩიეს და დღეს შედარებით მეტი ხალხი მოგროვდა. სწორედ ამიტომ, ”გეზის” ორივე დარბაზი სრული დატვირთვით მუშაობდა, რათა დეკლარანტებს სასურველი სერვისი მაქსიმალურად სწრაფად მიეღოთ”,- აცხადებს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან უერთიერთობის სამმართველოს უფროსი, თამუნა ანდრიაძე.