ისრაელიდან ანაკლიაში საწარმოების გადმოტანის შესაძლებლობები განიხილება

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ანაკლია სითის აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტს შრაგა ბროშს შეხვდნენ.

კონსორციუმის წარმომადგენლებმა ანაკლიის პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის, როგორც სტრატეგიული რეგიონული კვანძის, პოტენციალზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ანაკლია სითის ინდუსტრიულ და ლოგისტიკურ პარკებს, საფინანსო და ბიზნესცენტრებს, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა-განვითარებას უკავშირდება.

„ანაკლიის პორტის პროექტი უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა. საქართველოში ბიზნესის კეთება ძალიან მარტივია, რადგან აქ არ ვაწყდებით ბიუროკრატიულ, დროში გაწელილ პროცედურებს, მოქნილი საგადასახადო სისტემა და ხელისუფლების ხელშეწყობა ბიზნესმენების დიდ დაინტერესებას განაპირობებს", - განაცხადა შრაგა ბროშმა და დაადასტურა, რომ ისრაელიდან ანაკლიაში საწარმოების გადმოტანის შესაძლებლობებს რეალურად განიხილავს.

„ებრაელ ხალხთან 26 საუკუნოვანი მეგობრობა გვაკავშირებს. ისრაელთან ბიზნეს ურთიერთობა და მომავალი თანამშრომლობა ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,“- განაცხადა ანაკლიის კონსორციუმის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.