საქართველოს ბაზარზე ოპერირება უძრავი ქონების მართვის საერთაშორისო კომპანიამ - „Colliers International“-მა დაიწყო

კომპანიის წლიური ტრანზაქციების მოცულობა 75 მილიარდ დოლარს აღემატება.

როგორც ”თბილისი მერიოტში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „Colliers International“-ის ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონების ხელმძღვანელმა, კრის მაქლერნონმა განაცხადა, საქართველოში Colliers International-ის ლიცენზირებული წარმომადგენელის Colliers International Georgia -ს ოფისი თბილისში, გრატოს ბიზნეს ცენტრში გაიხსნა და კლიენტებს 15 მაისიდან სრულ მომსახურებას შესთავაზებს.

„საქართველოს ბაზარზე კოლიერსის ოპერირების დაწყებით ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, გაზარდონ უძრავი ქონების პორტფელი. ამჟამად, საქართველოს ეკონომიკა დინამიურად ვითარდება და ქვეყანა ორიენტირებულია ტურიზმის, უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობის და ენერგეტიკულ წინსვლაზე. შედეგად, არსებობს შიდა და გარე ინვესტიციების გაზრდის მრავალი შესაძლებლობა, “ - განაცხადა კრის მაქლერნონმა.

Colliers International Georgia მთლინად კავკასიის რეგიონს მოემსახურება. გამოცდილი კადრებით დაკომპლექტებული გუნდის სამუშაო პრინციპს წარმოადგენს ადგილობრივი გამოცდილების და გლობალური ცოდნის შერწყმა, რაც კლიენტისათვის განსაკუთრებული სერვისის შეთავაზებას გულისხმობს. კომპანია სრულ მომსახურებას გაუწევს ინვესტორებს, უძრავი ქონების მესაკუთრეებს, მოიჯარეებსა და დეველოპერებს. კომპანიის ძირითად მიმართულებებს უძრავი ქონების დეველოპმენტის სერვისი, კორპორატიული ბროქერიჯი, უძრავი ქონების კვლევა, კონსალტინგი და შეფასება წარმოადგენს.

„Colliers International“-ის EMEA რეგიონის ხელმძღვანელი საქართველოში ორი დღით ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში კრის მაქლერნონი შეხვდა ეკონომიკური და მდგრადი განვითარების მინისტრს, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, თანაინვესტირების ფონდის და სხვა სახელმწიფო უწყებების პირველ პირებს. ვიზიტის დროს საქმიანი შეხვედრები გაიმართა წამყვანი ქართული კომპანიების წარმომადგენლებთან - რაკია ჯგუფი, ვისოლი, სილქ როუდი, ჯიპისი, ინდუსტრიული ჯგუფი და სხვა.

„ამ მასშტაბის კომპანიის შემოსვლა ქართულ ბაზარზე ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა უფრო მიმზიდველი და საინტერესო ხდება ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის. ჩვენი მიზანია უძრავი ქონების მფლობელებს და ინვესტორებს მომსახურების ახალი სტანდარტი შევთავაზოთ საქართველოში და დავაკავშიროთ მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებთან,“ - განაცხადა პრესკონფერენციაზე Colliers International Georgia-ს დირექტორმა ირაკლი კილაურიძემ.

Colliers-ს აქვს საქართველოში მუშაობის გამოცდილება, რამდენიმე პროექტზე კომპანიამ სახელმწიფო დაკვეთა შეასრულა. აქამდე კომპანიის სერვისის მისაღებად მომხმარებელი ლონდონის, კიევის ან სტამბულის ოფისებს მიმართავდა.

Colliers-ი უძრავი ქონების მართვის საერთაშორისო კომპანიების სამეულში შედის და მსოფლიოს 63 ქვეყანაში 485 ოფისით არის წარმოდგენილი. კომპანიის წლიური ტრანზაქციების მოცულობა 75 მილიარდ დოლარს აღემატება, ხოლო მისი რეგიონალური სათაო ოფისი ლონდონში მდებარეობს. თბილისის ოფისი სწორედ მას დაექვემდებარება.

(R)