ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის. როგორც ”ინტერპრესნიუსს” დაავადებათაკონტროლის ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკური სამმართველოს უფროსმა ლიკა ჯაბიძემ განუცხადა, ვაქცინაცია აცრების კალენდარში არ შედის, რადგან ქვეყანაში ამის საჭიროება არ ყოფილა.
რაც შეეხება კერძო სექტორს, ჯაბიძის ინფორმაციით, მათთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ, თუმცა კერძო სექტორი ვაქცინის შემოტანაზე უარს იმიტომ ამბობს, რომ ვაქცინაზე მოთხოვნა არ ფიქსირდება. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, მომავალში ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინა კალენდარული გახდეს.
”ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია აცრების კალენდარში არ შედის ამ ეტაპზე, რაც დამოკიდებულია ქვეყნის საჭიროებაზე და განაპირობებს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. აღნიშნული საკითხი განხილვის საგანია და სამომავლოდ შეიძლება დადგეს საკითხი, ვაქცინაციის კალენდარში ჩასმაზე. ამ ეტაპზე აღნიშნული ვაქცინაცია კერძო სექტორსაც არ აქვს იმ მიზეზით, რომ მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა ნაკლებია. აქედან გამომდინარე საქართველოში ვაქცინა არ არის. გუშინ გვქონდა კერძო სექტორთან ამაზე საუბარი და აცხადებენ, რომ მოთხოვნა უნდა იყოს, რომ ვაქცინა შემოიტანონ”, - აღნიშნა ლიკა ჯაბიძემ.