სასტუმრო ჰაიატის“ მშენებლობა თბილისში მალე დაიწყება

„საპარტნიორო ფონდისგან“ ყველაზე მეტი დაფინანსება ენერგეტიკის სექტორს აქვს.

ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ თავმჯდომარემ დავით საგანელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, სადაც ფონდის მიერ 7 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა სასტუმროების ბიზნესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი ფონდის თანადაფინანსებით ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი სასტუმრო ამოქმედდა. კერძოდ, ბორჯომ-ლიკანში „რიქსოსი“, ახალციხეში სასტუმრო „რაბათი“, ასევე, ლოპოტას კომპლექსი“, როიალ ბატონი“, კახეთში, ჭავჭავაძეების სასახლის უკან წელს „რედისონი“ გაიხსნება; თბილისში მალე ჰაიატის“ მშენებლობა დაიწყება, რომელიც ფინანსური მოცულობითი ყველაზე დიდი იქნება. აღნიშნულის მიუხედავად, საგანელიძემ განაცხადა, რომ ფონდისგან ყველაზე მეტი დაფინანსება ენერგეტიკის სექტორს აქვს.

„ჩემი ინიციატივაა, რომ ენერგეტიკის სექტორისგან გამოვიდეთ, ორი მიზეზის გამო. კერძოდ, ენერგეტიკა საქართველოში უკვე მიმზიდველი სფერო გახდა და ამ სფეროში ფულის დაბანდების სურვილი ბევრს აქვს. ენერგეტიკის სფეროში ქართული ბანკებიც აქტიურად თანამშრომლობენ ინვესტორებთან. ასეთ შემთხვევებში სახელმწიფო ფონდის მონაწილეობის საჭიროება აღარ არის. ფონდი იქ უნდა იყოს უფრო მეტად, სადაც ინვესტორი, ბანკი არ მიდის, რათა პირველი იმპულსი ჩვენ მივცეთ – მოგვყვეს ბანკი და ინვესტორი. მეორე მიზეზი ის არის, რომ ფონდის თანხების სიმწირის გამო სახსრები სხვა მიმართულებებზე გადავანაწილოთ“, - განაცხადა საგანელიძემ. მისივე თქმით, ყველაზე ნაკლებად ქვეყანაში თევზის რეწვაა განვითარებული და ამ სფეროს მხარდაჭერა სჭირდება.