სამუშაო ძალის კვალიფიციურობა, სასამართლო სისტემა, სავალუტო კურსი - რა გამოწვევების წინაშეა ბიზნესი

საშუალო და მცირე, ასევე მსხვილი ბიზნესის განვითარების პრობლემებსა და პერსპექტივებზე ”ინტერპრესნიუსი” ბიზნესობმუდსმენს, ირაკლი ლექვინაძეს ესაუბრა.

- ბატონო ირაკლი, მართალია, დიდი ხანი არა, რაც თქვენ ბიზნესომბუდსმენად დაინიშნეთ, მაგრამ ვიცით, რომ თქვენ უკვე გქონდათ აქტიური კონსულტაციები მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან და მათგან მოისმინეთ იმ პრობლემების შესახებ, რაც მათ აქვთ.

ვიდრე კონკრეტულად შევეხებოდეთ ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე თქვენეულ შეფასებებს, საინტერესო იქნებოდა თქვენგან, როგორც ბიზნესომბუდსმენისაგან მოსმენა, თუ რეალურად რა ვითარებაა დღეს ქართულ ეკონომიკაში.

- რა თქმა უნდა, დავიწყეთ აქტიური კომუნიკაციით ბიზნესთან და შეხვედრების მთავარი მიზანია პრიორიტეტული გავხადოთ ის ძირითადი საკითხები, რომელიც აქტუალურია ბიზნესისთვის. 

გვქონდა შეხვედრები სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრ ბიზნეს კომპანიებთან, იურიდიულ და საკონსულტაციო კომპანიებთან, ბიზნესის და ეკონომიკის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თებერვალ-მარტში ბიზნესთან შეხვედრები გაგრძელდება, - იქნება ეს მსხვილი, მცირე, სექტორული თუ რეგიონალური ბიზნეს გაერთიანებები.

ქვეყნის ბიზნეს გარემოს და ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს მთლიანობაში შევაფასებდი პოზიტიურად, ამას ადასტურებს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების დინამიკა და საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების შეფასებები.

ქვეყანაში გვაქვს ეკონომიკური ზრდა, იზრდება ექსპორტ-იმპორტის ოპერაციები, იზრდება ინვესტიციები, რეგიონის ქვეყნებთან მიმართებაში არის დაბალი გადასახადები და მარტივი პროცედურები ბიზნესის წარმოების პროცესში. 

გვაქვს კორუფციის და კრიმინალის დაბალი მაჩვენებელი, რაც აძლიერებს უსაფრთხო ქვეყნის იმიჯს. გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები ევროპასთან, ჩინეთთან, რაც ვფიქრობ კარგი კონკურენტული უპირატესობაა. გვაქვს აქტიური ჩართულობა რეგიონალურ და გლობალურ პროექტებში.

გამოწვევებად რჩება სამუშაო ძალის კვალიფიციურობა, სტაბილური სავალუტო კურსი, სტაბილურობა რეგიონში და სასამართლო სისტემა.

- ვინაიდან მცირე და საშუალო ბიზნესს, სავარაუდოდ, მსგავსი პრობლემები უნდა ჰქონდეს, ხოლო მსხვილ ბიზნესს მათგან ბევრად განსხვავებული, მოდით, საუბარი ჯერ სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესების პრობლემებზე დავიწყოთ...

- რიგ საკითხებში მსხვილი და მცირე ბიზნესის პრობლემატიკა მსგავსია, თუმცა მცირე ბიზნესს გააჩნია ბევრად ნაკლები რესურსი და ხელმისაწვდომობა სხვადასხვა ადმინისტრაციულ უწყებებთან.

მსხვილი ბიზნესი ამ კუთხით ბევრად უფრო ორგანიზებული და თანმიმდევრულია. საჭიროა ამ ნაწილის გაძლიერება და ჩვენი, ბიზნესომბუდსმენის აპარატის ერთ-ერთი პრიორიტეტი მცირე ბიზნესისთვის აქტუალური თემატური თუ ტექნიკური საკითხების უფრო მეტად წარმოჩენაა. სხვადასხვა სექტორულ ბიზნეს გაერთიანებებთან ვმსჯელობთ სექტორისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გააქტიურებაზე. 

სხვა პრობლემატიკის კუთხით მცირე ბიზნესს აქვს ნაკლები რესურსი უფრო კვალიფიციური პერსონალისთვის, შედარებით ნაკლები წვდომა ფინანსურ რესურსებზე. უფრო მგრძნობიარეა ეკონომიკაში არსებული რყევების მიმართ - ვფიქრობ, საჭიროა უფრო მეტი შეღავათი, რომ უფრო მეტი რესურსი დარჩეთ განვითარებისთვის,

ძალიან კარგია პრემიერის ინიციატივით მცირე ბიზნესის დაბეგვრასთან დაკავშირებული პროექტის ინიცირება, სადაც 5-ჯერ იზრდება ბრუნვის მოცულობა, 5-ჯერ მცირდება განაკვეთი და მარტივდება ტექნიკური პროცედურები. ამ მართლაც მნიშვნელოვანი პროექტის ინიცირების შემდეგ კარგი იქნება მომდევნო ეტაპზე განხილული იქნას დღგ-ს ზღვრის აწევა, რომელიც დღეს 100 ათასი ლარია.

- ფაქტია, რომ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი აყალიბებს ამა თუ იმ ქვეყნის ბიუჯეტებს. მათი წილი სხვადასხვა ქვეყნების ბიუჯეტებში საკმაოდ წონადი და მნიშვნელოვანია. ზოგ შემთხვევაში ეს მონაცემი 40%-ია, უმეტეს შემთხვევაში - 50-60%-ც კი.

თქვენი ინფორმაციით, ჩვენთან მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ბიუჯეტში დაახლოებით რამდენია? და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველო ამ მაჩვენებლითაც მიუახლოვდეს ევროპულ და ამერიკულ მაჩვენებელს?

- როგორც წესი, განვითარებულ ქვეყნებში ფინანსური შემოსავლების ძირითად წილს ეკონომიკაში და ბიუჯეტში აგენერირებს მსხვილი ბიზნესი, მცირე და საშუალო ბიზნესს კი აქვს მთავარი დამსაქმებლის ფუნქცია, განსაკუთრებით რეგიონების განვითარების კუთხით.

ბოლო მონაცემებით საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესზე ბრუნვის და გამოშვებული პროდუქციის დაახლოებით 58%, დასაქმებაში კი 65% მოდის. ასევე სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბრუნვის და დასაქმების მიხედვით მცირე და საშუალო ბიზნესის დიდი ნაწილი კონცეტრირებულია თბილისში, თითქმის 70%, და რეგიონებში ეს სექტორი სუსტად არის წარმოდგენილი.

დღეს ქვეყანაში არსებობს საკმაოდ კარგი სახელმწიფო პროგრამები რეგიონალური ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით და საჭიროა ამ კუთხით უფრო მეტი ჩართულობა.

- მიუხედავად იმისა, რომ მსხვილი ბიზნესის მდგომარეობა ბევრად განსხვავდება მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემებისაგან, მათ ნაკლებად აქვთ ფინანსური პრობლემები და ისინი მათივე ბიზნესის მასშტაბების გაზრდაზე უფრო ფიქრობენ, შეუძლებელია, პრობლემები მათაც არ ჰქონდეთ. რა სახის პრობლემები აქვთ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს?

- მთლიანობაში, ქვეყნის ბიზნეს გარემო ბიზნესის მხრიდან ფასდება პოზიტიურად, თუმცა ბიზნესის წარმოების პროცესში არის რიგი საკითხები, რომელიც საჭიროებს მეტ ყურადღებას ან მეტ განვითარებას.

ჩვენს შეხვედრებზე ძირითადად ამ მიმართულებით გვაქვს აქტიური განხილვები. კერძოდ, ეს უკავშირდება სასამართლოებში ბიზნეს დავებთან დაკავშირებულ საკითხებს, მთავარი შენიშვნები უკავშირდება გაჭიანურებულ დავებს, რომელიც გამოწვეულია საქმეების რაოდენობით და დავების სპეციფიკით, რომელსაც შესაბამისი გამოცდილებები სჭირდება.

ასევე ბიზნესისთვის მთავარ საკითხებს შორის არის უფრო მეტი გარკვეულობა და სიცხადე რიგ საკანონმდებლო ინიციატივებში თუ ცვლილებებში, რადგან არის შემთხვევები როცა ხშირად ეს ხდება სწრაფად და ბიზნეს სჭირდება უფრო მეტი დრო მომზადებისთვის და ადაპტირებისთვის, საქმიანობაზე ზეგავლენის ანალიზისთვის. არის შემთხვევები, როდესაც გარკვეული ტიპის ინიციატივებს საფუძვლად აქვს უფრო პოლიტიკური დატვირთვა ვიდრე რაციონალური ანალიზი, ამის მაგალითია შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, სადაც აქცენტი გადატანილია მაღალ საჯარიმო სანქციებზე და რეგულაციებზე.

შემიძლია ასევე მაგალითად მოვიყვანო უცხოელებისთვის მიწის მიყიდვასთან დაკავშირებული თემა, სადაც ჯერ კიდევ რჩება გაურკვევლობა და ბიზნესი არ არის სრულყოფილად ინფორმირებული თუ რა ფორმით ჩამოყალიბდება მიწის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ურთიერთობები.

ვფიქრობ, საჭიროა კიდევ უფრო გამარტივება რიგი ადმინისტრაციული თუ საგადასახადო პროცედურების, ამის რესურსი არსებობს და ბიზნესს გააჩნია ამ კუთხით რეკომენდაციები.

გარდა ამისა მნიშვნელოვანია გაუმჯობესდეს კომუნიკაცია გადაწყვეტილებების მიღებისას სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან, რადგან არის შემთხვევები, როდესაც ხდება გაჭიანურება ამ კუთხით ან შუალედური და ზოგადი პასუხების წარმოდგენა, რაც უფრო მეტი დროის ხარჯვასთან არის დაკავშირებული.

- გასაგებია, რომ არსებობს ბუნებრივი მონოპოლიები. იგი ენერგომატარებლების შემომტან კომპანიებს ეხება, მაგრამ ისეთ სფეროებში, სადაც ბუნებრივ მონოპოლიებზე საუბარი შეუძლებელია რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება, რომ ქართულმა ბაზარმა კონკურენტუნარიანობა არ დაკარგოს?

- ქვეყანაში არსებობს კონკურენციის სააგენტო, რომელსაც აქვს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციები სხვადასხვა ბაზრებზე შეფასებული იქნას კონკურენციის ხარისხი, ნებისმიერი კომპანია რომელიც თვლის, რომ ბაზარზე რაიმე არაკეთილსინდისიერ ქმედებას აქვს ადგილი, შეუძლია სააგენტოში წარადგინოს პრეტენზია. ბუნებრივი მონოპოლიები რეგულირებადი სფეროა, რეგულაცია კი მარეგულირებელი კომისიების საშუალებით ხდება ისეთ სექტორებში, როგორიცაა - ენერგეტიკა, წყლის ინდუსტრია, ბუნებრივი აირის მიწოდება და კომუნიკაციები.

- ხშირად გვესმის, რომ საქართველოში საინვესტიციო გარემო გაუმჯობესდა, სხვადასხვა სფეროებში უცხოელი ინვესტორები დებენ ფულს. საკმაოდ მასშტაბური პროექტების განხორციელებაში საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობენ, რაც თავისთავად მისასალმებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, ნაკლებად გვესმის ქართველი ბიზნესმენების მიერ წარმოებაში ფინანსების ჩადების შესახებ.

ასეა მიუხედავად იმისა, რომ რეგიონებში, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, რომლებსაც მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი აქვს, ელექტროენერგიის ტარიფი დაბალია და წარმოების გამართვის შემთხვევაში გადასახადებიც დაბალია, წარმოებების დაფუძნების, ხალხის დასაქმების შესახებ ნაკლებად ვრცელდება ინფორმაცია.

თუ ჩვენ არასაკმარისად ვართ ინფორმირებული, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა რეგიონებში გააქტიურებულ ბიზნესზე მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ...

- რეგიონებში ხდება მსხვილი ბიზნეს პროექტების განვითარება, განსაკუთრებით ენერგეტიკის, ტრანსპორტის და კომუნიკაციების სექტორში.

ასევე მზარდია დამამუშავებელი მრეწველობის და ტურისტული ინდუსტრიის წილიც. ვფიქრობ, საჭიროა უფრო მეტი განათლება მეწარმეობის კუთხით და რეგიონში მცხოვრები ადამიანები უკეთ შეძლებენ არსებული შესაძლებლობების გამოყენებას.

- ბიზნესის სფეროში საქმიანობა კიდევ უფრო წარმატებული რომ იყოს, საჭიროა კანონმდებლობა მაქსიმალურად იყოს მორგებული რეალობას.

თქვენ როგორც ბიზნესომბუდსმენი თუ გეგმავთ მმართველ გუნდს შესთავაზოთ რამე ცვლილებები კანონმდებლობაში, რომელიც ბიზნესმენების საქმიანობას წაადგებოდა? თუ - კი, კერძოდ, რაზე შეიძლება დღეს ისაუბროთ..

- ჩვენი შეხვედრები ბიზნეს სექტორთან გრძელდება აქტიურ რეჟიმში და ამ შეხვედრების მიზანი სწორედ არის ისეთი საკითხების თუ ინიციატივების გამოვლენა, რომელიც რაციონალური და მნიშვნელოვანი იქნება ბიზნესისთვის, მისი წარდგენა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსთვის.

ასეთი შეიძლება იყოს სექტორისთვის საჭირო თემატური საკითხის ინიცირება ან რამე ტექნიკური ცვლილება, რომელიც გაამარტივებს ბიზნეს წარმოების პროცესს. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და საკითხის მომზადების შემთხვევაში აუცილებლად გავაჟღერებთ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ნებდელიანი