ISET - ბიზნესის განწყობის ინდექსი გაიზარდა

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2018 წლის პირველ კვარტალში გაიზარდა და 31.4 პუნქტი შეადგინა.

კვლევაში 58 მსხვილი და 182 მცირე და საშუალო კომპანია მონაწილეობდა. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 60% საკუთარი ბიზნეს საქმიანობის გაუმჯობესებას მომავალი სამი თვის განმავლობაშიც ელოდება.

ასევე გაზრდილია ბიზნესის ოპტიმიზმი როგორც 2017 წლის მეოთხე კვარტალთან (+15.5), ისე 2017 წლის პირველ კვარტალთან (+17.9) შედარებით და 48.9 პუნქტს შეადგენს. ბიზნესის ოპტიმიზმის გაუმჯობესებაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი მშენებლობამ და მომსახურების დარგებმა შეიტანეს.

2018 წლის პირველ კვარტალში შემცირებულია (-15.6 პუნქტით) მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც გასული სამი თვის ბიზნესის მდგომარეობას გვიჩვენებს. სხვა სექტორებთან შედარებით, მშენებლობის დარგმა ყველაზე უარყოფითად შეაფასა საკუთარი საქმიანობა, რაც აღნიშნული დარგის სეზონურობით შეიძლება იყოს გამოწვეული.

შემცირდა გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი, თუმცა ისევ მაღალია გასული წლის მოლოდინებთან შედარებით. კვლევის მიხედვით, ვაჭრობის დარგში მოღვაწე ბიზნესები მომდევნო კვარტალში ფასების ყველაზე დიდ შემცირებას მოელიან, მაშინ როცა ფასების ყველაზე დიდი ზრდა მოსალოდნელია სერვისის დარგში.

აღსანიშნავია, რომ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები დიდი ზომის ბიზნესებთან შედარებით, მცირე ოპტიმიზმითა და სუსტი მიმდინარე მდგომარეობით ხასიათდება. შედეგად, ბიზნესის განწყობის ინდექსი მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისათვის მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში 4.5 პუნქტით შემცირდა.

მიუხედავად ზომისა, გამოკითხული ბიზნესების უმეტესობა საკუთარი საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორად კვლავ მოთხოვნის სიმცირესა და ფინანსებზე წვდომას ასახელებს.