გენდირექტორი ”ლაგუნა ვერეს” ადგილას სხვა ობიექტის აგებას გამორიცხავს

”ლაგუნა ვერეს” თანამშრომლებს ეჭვი აქვთ, რომ ”ლაგუნა ვერეს” გენდირექტორი აპირებს, აუზი ფონდ ”ქართუს” მიჰყიდოს.

უკვე 5 თვეა, რაც სპორტული კომპლექსი ”ლაგუნა ვერე” დაკეტილია. აუზის თანამშრომლების განცხადებით, ხელმძღვანელობამ ისინი ერთთვიან შვებულებაში იმ მოტივით გაუშვა, რომ კომპლექსი უახლოეს პერიოდში მუშაობას გააგრძელებდა, თუმცა პირობა ახლაც შეუსრულებელია. თანამშრომლები ამბობენ, რომ ივანიშვილის ფონდი ”ქართუ” ”ლაგუნა ვერეს” შეძენას და მერე დანგრევას გეგმავს, რათა ამ ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა დაიწყოს.

”ლაგუნა ვერეს” გენერალური დირექტორი დავით ჩხეტიანი კი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. ამბობს, რომ ყველაზე უარეს შემთხვევაში, თუ შენობის რესტავრაცია ვერ მოხერხდა, მის ადგილას ახალ საცურაო აუზს ააშენებენ. ”ლაგუნა ვერეს” თანამშრომლებს ეჭვი აქვთ, რომ ”ლაგუნა ვერეს” გენდირექტორი აპირებს, აუზი ფონდ ”ქართუს” მიჰყიდოს.

”ამ საკითხთან დაკავშირებით ერთადერთი რამ შემიძლია გითხრათ, ფონდს ”ლაგუნა ვერესთან” არანაირი კავშირი არ აქვს. ამას გეტყვით ჩვენი ხელმძღვანელობაც, სხვა სახის კომენტარს ჩვენ არ ვაკეთებთ”, - განუცხადა ”რეზონანსს” ფონდ ”ქართუს” იურისტმა ნინო კიკნაძემ.

”ლაგუნა ვერე” გასული წლის 28 დეკემბრის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს. დეკემბერში ერთთვიან შვებულებაში გაგვიშვეს და გვითხრეს, რომ სამსახურში ერთ თვეში დაგვაბრუნებდნენ, მაგრამ საკითხავი ის არის, მოხდა კი ასე?! კომპლექსის აღდგენასთან დაკავშირებით ინფორმაციას არავინ გვაწვდის, ასე ველოდებით ყოველდღე, რა მოხდება. როცა ”ლაგუნა ვერეზე” კითხვა დაისვა, ჩვენმა ხელმძღვანელობამ ტელევიზიით განაცხადა, რომ ყველა წამგებიანი ობიექტი დაიხურება. ახლა თქვენ მიპასუხეთ, წამგებიანი ობიექტია ეს აუზი, სადაც უამრავი ბავშვი გაიზარდა?!”, - ამბობს ”რეზონანსთან” საუბრისას ”ლაგუნა ვერეს” ერთ-ერთი თანამშრომელი იზო ბაღათურია.

კიდევ ერთი თანამშრომლის, ციცო შაკულაშვილის თქმით კი, არსებობს საშიშროება იმისა, რომ კომპლექსი საერთოდ დაანგრიონ და ამ ადგილას კორპუსები ააშენონ. მისივე განცხადებით, ასეთ შემთხვევაში უმუშევარი 300 ადამიანი დარჩება. თანამშრომლები ხელმძღვანელობასთან დაუყოვნებლივ შეხვედრას ითხოვენ.

”არავინ არაფერს გვეუბნება, აღარც ხელფასს ვიღებთ. ბოლოს გვითხრეს, 10 მაისამდე მოითმინეთო, გავიდა 10 მაისიც და ისევ არაფერი. გვაინტერესებს, როდემდე უნდა ვიყოთ ასე. ათასობით ბავშვი, რომელიც კომპლექსით სარგებლობდა, ისე დატოვეს. გავიგეთ, რომ კომპლექსს საერთოდ დაანგრევენ, ამ ადგილას კი კორპუსების მშენებლობას გეგმავენ. გვაინტერესებს, რას უპირებს ამდენ ადამიანს ჩვენი ხელმძღვანელობა”,- ამბობს თანამშრომელი.

”ლაგუნა ვერეს” გენერალური დირექტორის, დავით ჩხეტიანის თქმით, კომპლექსმა მუშაობა სიძველისა და გაუმართავი სისტემის გამო შეწყვიტა. მისივე განმარტებით, აღნიშნული საკითხის შესასწავლად არაერთი კომისია მუშაობს, რის შემდეგაც აუზის ხელმძღვანელობა კომპლექსის კაპიტალურ რემონტს დაიწყებს.

”იქიდან გამომდინარე, რომ აუზის ტექნიკური მდგომარეობა სავალალოა, ”ლაგუნა ვერემ” ფუნქციონირება რამდენიმე თვის წინ შეწყვიტა. წარმოიდგინეთ, 36 წლის მანძილზე არანაირი კაპიტალური სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა, ფაქტობრივად, მთელი კომუნიკაცია ბოლო წერტილამდეა მიყვანილი. აბსოლუტურად ყველაფერი გამოსაცვლელია, მილებიც კი აღარ ვარგა. აღარაფერს ვამბობ იმ დანადგარებზე, რომელიც წყლის გასუფთავებაზე მუშაობს. ბუნებრივია, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ”ლაგუნა ვერეს” ახალმა ხელმძღვანელობამ აუზის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით გეგმა დასახა. ახლა კონსულტაციების პროცესში ვართ, კომპლექსის აღსადგენად საჭირო თანხაზე ვმუშაობთ, ამის შემდეგ კი უკვე მოქმედებას დავიწყებთ.

”ლაგუნა ვერეს” საკითხს არაერთი კომისია სწავლობს, ისინი უკვე საბუთებზე მუშაობენ და ვითარებას დეტალურად ეცნობიან. ახლა ვადებზე საუბარი წარმოუდგენელია - აი, მძიმე ავადმყოფი ექიმთან რომ მიიყვანოთ, განა გეტყვით 1 კვირაში გამოვაჯანმრთელებო?! -გამორიცხულია. ეს არის უზარმაზარი კომპლექსი, რომელსაც ძალიან დაკვირვებული მუშაობა სჭირდება”, - განუცხადა ”რეზონანსს” დავით ჩხეტიანმა.

მისივე თქმით, კომპლექსის თანამშრომლებთან დადებული ხელშეკრულება 2013 წლის 31 დეკემბერს შეწყდა. რაც შეეხება მათ მოსაზრებას, თითქოს კომპლექსის დანგრევა იგეგმება, ჩხეტიანი აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია მცდარია. ”ამ ობიექტის დანგრევას არავინ არ აპირებს. ახლა ისიც ითქვა, რომ ამ ადგილას კორპუსები უნდა აშენდეს, ვერ ვხვდები, ეს ხალხი ასეთ აბსურდულ ინფორმაციას საიდან იგებს. ეს კი არა, 3 წლის წინ ამ ადგილას კლდე ჩამოინგრა, დახმარებას კი მერიის სამსახურიდან დღემდე ველოდები, ამდენი მიმართვის შემდეგ ჯერ პასუხიც კი არ მიმიღია. თუ მე საკითხს ოფიციალურად ვსვამ და ამაზე შესაბამისი ორგანო საერთოდ არ რეაგირებს, მაშინ რაღაზე ვისაუბრო?! თქვენ უსმენთ განაწყენებულ თანამშრომლებს, რომლებსაც ხელშეკრულება შეუწყდათ. დამიჯერეთ, არავითარი საფრთხე ”ლაგუნა ვერეს” არ ემუქრება, მით უმეტეს დანგრევა”, - ამბობს კომპლექსის გენერალური დირექტორი.

ამასთან, ჩხეტიანი ფონდ ”ქართუსთან” თანამშრომლობას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მსგავსი მოსაზრება გარკვეული მიზეზის გამო გაჩნდა. ამბობს, რომ კომპლექსის აღდგენისთანავე ყველა თანამშრომელი სამსახურში უკლებლივ დაბრუნდება, თუმცა როდისთვის დასრულდება ”ლაგუნა ვერეს” სარემონტო სამუშაოები, ამაზე პასუხის გაცემა უჭირს.

”არავითარი კავშირი ფონდ ”ქართუსთან” არ მაქვს, ეს მოსაზრება მას შემდეგ გაჩნდა, რაც ორგანიზაცია ”იუნიონმა” აუზის აღმასრულებელ დირექტორად დამნიშნა, აღნიშნულ კომპანიას კი ფონდი ”ქართუ” ხელმძღვანელობს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მათთან რაიმე სახის კავშირი მაქვს. იმ პირობებში, როცა "ლაგუნა ვერეზე” სამუშაოები სრულად აღდგება და ობიექტი ექსპლუატაციაში შევა, პირობას გაძლევთ, რომ ყველა ძველი თანამშრომელი სამსახურში დაბრუნდება. შეიძლება მოხდეს ისე, რომ აუზის რესტავრაცია კი არა, საერთოდ ახლის აშენება მოგვიწიოს, ამიტომ ეს პროცესი გარკვეულ ვადებს მოითხოვს.

აქედან გამომდინარე, როდის დასრულდება ეს პროცესი, ახლა პროგნოზირება ძალიან გამიჭირდება. გარწმუნებთ, ყველა თანამშრომელი, რომელიც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, სამსახურში აღდგება. რატომ ავიყვანო ახალი კადრები, როცა ძველი და გამოცდილი კოლექტივი უკვე არსებობს?!”, - უთხრა ”რეზონანსს” ჩხეტიანმა.

სალომე სარიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”