„თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის გაერთიანების“ თანამშრომლები შიშობენ, რომ უმუშევრები დარჩებიან

სსიპ „თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის გაერთიანების“ თანამშრომლები შიშობენ, რომ ქალაქში ბიბლიოთეკებს დახურავენ,ისინი კი უმუშევარი დარჩებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა განუცხადეს, თბილისში სულ 33 ბიბლიოთეკაა, საიდანაც დედაქალაქის მერია მხოლოდ 12 ან 13 ბიბლიოთეკის დატოვებას აპირებს. თანამშრომლები მერიის გადაწყვეტილებას არასამართლიანად მიიჩნევენ.

„ორთაჭალაში უკვე დაიხურა 21-ე ბიბლიოთეკა. ვიცით, რომ სსიპ უნდა გარდაიქმნას ა(ა)იპ-ად და ამიტომაც ხდება ბიბლიოთეკების ლიკვიდაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა ბიბლიოთეკის თანამშრომელი გათავისუფლდება. გვითხრეს, რომ გამოცდების ჩაბარება მოგვიწევს და თანამშრომლების ნაწილი ისევ დასაქმდება. ერთ კვირაში ტრენინგს ჩაატარებენ და ინგლისურ ენასა და სპეციალობაში გამოცდებს დანიშნავენ. საგამოცდოდ 500-გვერდიანი სახელმძღვანელოა, ამას აბსოლუტურად ვერავინ ისწავლის. ამიტომ ჩვენ ხვალ მივდივართ საკრებულოში, შევხვდებით საკრებულოს წევრებს და დავაფიქსირებთ ჩვენს აზრს“, - განაცხადეს ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა.