ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოს“ ყოფილი მფლობელები სახელმწიფოსთან სამართლებრივ დავას აგრძელებენ და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ზედა ინსტანციაში გაასაჩივრებენ.
საქმე ეხება ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის არგუმენტით ყოფილ მფლობელს, კომპანია „აღმას“ ქონების ფლობაზე ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყდა.
როგორც დღეს „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „აღმას“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგი უგრეხელიძემ განუცხადა, გადაწყვეტილება თავიდანვე არასამართლიანი იყო.
მიხაილოვის სახელობის ყოფილი საავადმყოფოს ტერიტორია კომპანია „აღმამ" 2015 წლის დასაწყისში 4 მლნ აშშ დოლარად იყიდა. ინვესტორი ვალდებული იყო აღნიშნულ ობიექტში არანაკლებ 200-ოთახიანი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და სამორინე განეთავსებინა. კომპანიას სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის დასაწყისისთვის უნდა დაეწყო, თუმცა იმავე წლის ბოლოს „აღმას“ ქონება ჩამოერთვა.
როგორც მაშინ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოში განმარტავდნენ, კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რის შემდეგაც ობიექტი კვლავ სახელმწიფო ბალანსზე გადავიდა და ხელმეორედ უნდა გაყიდულიყო. ქონების მართვის სააგენტომ ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა, რაც „ამღამ“ სასამართლოში გაასაჩივრა. კომპანია ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გადაწყვეტილების გაბათილებას ითხოვდა. გოგი უგრეხელიძის განცხადებით, 2018 წლის 9 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ მიერ წარმოდგენილი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
„ჯერჯერობით სასამართლოს განჩინება არ ჩაგვბარებია, რომ დეტალურად ვნახოთ, ჩვენი სარჩელი რატომ არ დაკმაყოფილდა. დიდი ალბათობით, საქმე ზედა ინსტანციაში, სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლებს“, - აცხადებს უგრეხელიძე.
მისი თქმით, ხელშეკრულების დადების შედეგად, ვალდებულება გააჩნდა, როგორც კომპანია „აღმას“, ასევე ქონების ეროვნულ სააგენტო: „თუმცა ქონების მართვის სააგენტომ პირველმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები“.
„ეს საკმაოდ რთული ობიექტია, რომელიც ჩაბარების მომენტში, თავისუფალი არ იყო. მიუხედავად ყველაფრისა, ინვესტორი კორეის რესპუბლიკის მოქალაქე ჰიუკ ლეე აღნიშნულ პროექტში მაინც შევიდა. მან ტერიტორია პირდაპირი მიყიდვის წესით მიიღო.
პირველად ქონების ეროვნულმა სააგენტომ დაარღვია ხელშეკრულება, რასაც ჯაჭვური რეაქციები და ვადების დარღვევა მოჰყვა.
ეროვნულმა სააგენტომ გადმოგვცა 14-კაციანი სია იმ ადამიანებისა, რომლებისთვისაც მშენებლობის დაწყებამდე კომპენსაცია უნდა მიგვეცა. აღმოჩნდა, რომ სიაში ერთი ადამიანის სახელი და გვარი შეცდომით იყო ჩაწერილი. ჩვენ სააგენტოს შესწორება ვთხოვეთ, მათ დროული რეაგირება არ მოახდინეს, რამაც პროცესის გაჭიანურება გამოიწვია. შემდეგში სწორედ იმ ადამიანმა, რომლის ავტოფარეხიც აღნიშნულ ობიექტში მოჰყვა, ქონების ეროვნულ სააგენტოსთან დავა დაიწყო“, - აცხადებს უგრეხელიძე.მისი განმარტებით, აღნიშნული დავის დაწყების გამო, ევროპულმა საინვესტიციო ბანკებმა, რომელიც პროექტის დაფინანსებით იყვნენ დაინტერესებული, თანხის გამოყოფაზე უარი განაცხადეს: „ქონების ეროვნული სააგენტომ რამდენჯერმე მოგვმართა, რომ ვადები დაირღვა და რომ ჯარიმა უნდა გადაგვეხადა. ამის შემდეგ უკვე სახელმწიფოსთან დავა დავიწყეთ.“
მისივე თქმით, კორეელმა ინვესტორმა, რომელიც კომპანია „აღმას“ 100%-იანი წილის მფლობელია, ასიათასობით დოლარით იზარალა.
„ინვესტორმა თითოეულ ავტოფარეხში მფლობელს 12 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა. ასევე ავტოფარეხის იმ მფლობელთან, რომელიც ქონების ეროვნულ სააგენტოს ედავებოდა, სიტუაცია ისევ ჩვენ მოვაგვარეთ.
ტერიტორია გავათავისუფლეთ და როცა უკვე მშენებლობა უნდა დაგვეწყო, ვადების გადაცილებაში დაგვდეს ბრალი. როგორც ჩანს, ქონების ეროვნული სააგენტო ჩქარობდა, მას კი სახელმწიფო აჩქარებდა.
ინვესტორი კი გონივრულ ვადას ითხოვდა, წლის ბოლომდე, თუმცა მათ 2016 წლის ოქტომბერში ქონება ჩამოგვართმევს. საბოლოოდ ამით არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სახელმწიფოც დაზარალდა. როცა ტერიტორია ჩვენს მფლობელობაში იყო, ვიცავდით და ვაკონტროლებდით. ახლა კი ობიექტის სახელმწიფო დაცვა იცავს. თუ როგორ იცავს, ეს იმითაც გამოჩნდა, რომ რამდენიმე დღის წინ ხანძარი გაჩნდა. მათ შორის იმ ტერიტორიის ნაწილიც დაზიანდა, რომელიც ჩვენს მფლობელობაში იყო“, - განმარტავს გოგი უგრეხელიძე.ამასთან, კომპანია „აღმას“ აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, რომ არა ქონების ჩამორთმევა, ინვესტორი უკვე შეთანხმებული იყო ერთ-ერთ ევროპულ ცნობილ ბრენდთან, რომელიც ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოს“ ტერიტორიაზე ხუთვარსკვლავიან სასტუმროს ააშენებდა.
რაც შეეხება ქონების ეროვნულ სააგენტოს,როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სააგენტოში განუცხადეს, კომპანია „აღმას“ ბრალდებები არის უსაფუძვლო.
„ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სახელმწიფოს არ დაურღვევია. კომპანია „აღმასთვის“ ქონების ჩამორთმევის საფუძველი ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, მათ შორის, საბანკო გარანტიის წარმოუდგენლობა და საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობა გახდა. ამ ეტაპზე, სანამ სასამართლო დავა არ დასრულდება, ქონების ხელმეორედ გაყიდვა ვერ მოხერხდება“, - აცხადებენ ქონების ეროვნულ სააგენტოში.
თეონა კენჭიაშვილი