ჩაქვის აკვატორიაში ქართველმა მეთევზეებმა "ზღვის ეშმაკი" იპოვეს

ჩაქვის აკვატორიაში ქართველმა მეთევზეებმა თევზის უნიკალური სახეობა მოიპოვეს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა სახეობის შესწავლა განახორციელეს და დაადგინეს, რომ თევზის აღნიშნული სახეობა მიეკუთვნება „ზღვის ეშმაკს” – (Lophius piscatorius) რომელიც, მსოფლიო ოკეანის სიღრმისეული ფენების ბინადარია.

„შავ ზღვაში თევზის ეს სახეობა იშვიათია, საქართველოში ხმელთაშუა ზღვის აუზიდან აღწევს, გამომდინარე იქიდან, რომ შავი ზღვის სიღრმისეული ფენები 130 მეტრი სიღრმის ქვევით გოგირდწყალბადით არის გაჯერებული მისი საქართველოში მოპოვება მაღალი სამეცნიერო ფაქტია.

„ზღვის ეშმაკის“ მოპოვების პირველი შემთხვევა 1955 წლით თარიღდება, ამ დროს ბათუმის მახლობლად მოპოვებული სახეობის ფიტული დღეს აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.

მოგვიანებით „ზღვის ეშმაკის“ ერთი სახეობა მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა 2008 წელს ფოთის აკვატორიაში მოიპოვეს და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცეს. აღნიშნული შემთხვევა თევზის სახეობის მოპოვების მესამე ფაქტია.

მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები შავი ზღვის მონიტორინგს და სამეცნიერო კვლევებს აგრძელებენ“, - აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.