ჩინეთი შესაძლოა, ატომური ენერგიის წარმოებაში ლიდერი ქვეყანა გახდეს

ჩინეთი მომავალი 20 წლის განმავლობაში შეძლებს ატომური ენერგეტიკის სფეროში სიმძლავრეების გასამმაგებას, შედეგად კი შესაძლოა, გახდეს მსოფლიოს ლიდერი ქვეყანა ატომურ ენერგეტიკაში და ჩამოიტოვოს ამჟამინდელი ლიდერი აშშ.

ამის შესახებ პროგნოზს აკეთებს საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტო.

როგორც სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ფატიხ ბიროლმა ლონდონში მიმდინარე International Petroleum Week-ის კონფერენციაზე განაცხადა, ამ დროისათვის ევროპა და აშშ ენერგეტიკის ამ სფეროში ნაკლებ ინვესტიციებს დებენ, მაშინ როცა ჩინეთი წინ მიიწევს.

MarketWatch-ის ინფორმაციით, დღეისათვის მსოფლიოს მასშტაბით 60 ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, და მათი მესამედი თავმოყრილია ჩინეთში.

ბიროლის თქმით, აშშ ამ სფერში გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ლიდერობს. მანვე ამერიკის ატომურ ენერგეტიკაში მიმდინარე ორ ტრენდზე გაამახვილა ყურადღება: ერთის მიხედვით ქვეყანა არ ზრდის სიმძლავრეებს და მეორეს მხრივ, არ ზრდის არსებული სიმძლავრეების ხანგრძლივობის დროს.

მსგავსი სიტუაციაა ევროპაშიც, სადაც ლიდერი საფრანგეთი არ მუშაობს ატომური ენერგიის ნედლეულის დამუშავებაზე.

„თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდება, ამერიკის წილი ატომური ენერგიის გლობალურ წარმოებაში არსებული 20%-დან 7%-მდე შემცირდება“, - აცხადებს ბიროლი.

კოკა კვირკველია