საერთაშორისო საავიაციო ფორუმი #CONNECT2018 დღეს დასრულდება.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, დღეს პრეზენტაცია ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია ,,რაინეარის“ მიმართულებების განვითარების დირექტორმა ნილ ო კონერიმ გამართა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო საინტერესო მიმართულებაა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, ქეთი ალექსიძის განცხადებით, ავიაკომპანიებთან შეხვედრები დღესაც გრძელდება და საინტერესო წინადადებები განიხილება, მათ შორის სკანდინავიის ქვეყნების მიმართულებით.
“დღეს რეალურად გრძელდება ორმხრივი შეხვედრები და გრძელდება ავიაკომპანიების ბრიფინგები. საკმაოდ ბევრ ავიაკომპანიას აქვს ინტერესი საქართველოს ავიაკომპანიების მიმართ. დღეს გვაქვს კიდევ ერთი შეხვედრა ამავე სკანდინავიურ ავიაკომპანიასთან. კოპენჰაგენი არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მიმართულება. ამავე კომპანიას აქვს ინტერესი ფრენების განხორციელებაზე. ამ ეტაპზე ვცდილობთ, რომ აღნიშნული მოვარგოთ მათ გრაფიკებსა და შესაძლებლობებს. ასევე ვსაუბრობთ რამდენიმე მიმართულებაზე, მათ შორისაა ამსტერედამი და ესპანეთის ქალაქები“, - განაცხადა ქეთი ალექსიძემ.
თბილისში საერთაშორისო საავიაციო ფორუმის, CONNECT 2018-ის საიუბილეო, რიგით მე-15 ღონისძიება ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ფორუმში 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.