"შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი" საქართველოს განვითარების ბანკს დახმარებას გაუწევს

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) გენერალურ მდივანს, ორსალია კალანცოპულოსა და ბანკის დირექტორს საერთაშორისო ურთიერთობების დარგში ვალერი აქსიონოვს შეხვდა.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრისას ორსალია კალანცოპულოსმა აღნიშნა, რომ საბანკო ბიზნესის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების თანახმად, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში განვითარების ბანკები მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს საინვესტიციო სტრატეგიის განვითარებას.

"შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი" თანამშრომლობს BSTDB - ის წევრი ქვეყნების რამდენიმე განვითარების ბანკთან ეროვნული პროგრამების განხორციელებისა და ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების საკითხში", - აღნიშნა ორსალია კალანცოპულოსმა.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს განვითარების ბანკის შექმნას ეხება.

BSTDB-ის ხელმძღვანელების თქმით, როგორც რეგიონული განვითარების ბანკი, "შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი" მზად არის, საქართველოს საკონსულტაციო და ტექნიკური დახმარება გაუწიოს საქართველოს განვითარების ბანკის შექმნის პროცესში.