საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული პროექტის SATURN.GE პრეზენტაცია გამართა."საპარტნიორო ფონდის" ინფორმაციით, პროექტის პრეზენტაციას ფონდის თანამშრომლები, მედიის წარმომადგენლები, პიარტექნოლოგიების სპეციალისტები და გამარჯვებული პროექტის ავტორები ესწრებოდნენ.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ახალი სტარტაპი არის ვებ-აპლიკაცია, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც აქვს Facebook და Instagram გვერდები, ან YouTube არხი (ბიზნესკომპანიები, პოლიტიკურ პარტიები, კონკრეტულ პოლიტიკოსები, ბიზნესის წარმომადგენლები, ან ნებისმიერი სხვა პირი), დაეხმარება აკონტროლოს და გააანალიზოს როგორც საკუთარი, ასევე მისთვის საინტერესო პირების აქტივობები და პიარ-მეტრიკის მონაცემები, მაქსიმალური ეფექტურობით მოახდინოს ოპერირება და დაგეგმოს ოპტიმალური პიარ სტრატეგია სოციალურ მედიაში!
მათივე ინფორმაციით, SATURN.GE-ს მომხმარებელს საშუალება ეძლევა ძალიან მარტივად მიიღოს და დაამუშაოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მონაცემები. ვებ-აპლიკაცია ახდენს მომხმარებლის და მისთვის საინტერესო პირების, მათ შორის კონკურენტების სოციალური მარკეტინგის წარმატების და წარუმატებლობის ვიზუალიზაციას, ამოწმებს მას და მომხმარებელს სტატისტიკური ანალიზის შედეგებს მოწესრიგებული, მარტივი და ადვილად გასაგები ინტერფეისის საშუალებით წარუდგენს.
პროგრამა განსაკუთრებით მოხერხებულია დროის დაზოგვის თვალსაზრისით, რადგან მონაცემების დამუშავება ავტომატიზებულია და სასურველი ინფორმაციის მისაღებად რამდენიმე წუთიც საკმარისია. ვებ-აპლიკაციის წყალობით საჭირო აღარ არის სოციალური მედიის ეფექტურობის მექანიკური კონტროლი. SATURN.GE-ს მოხმარებისას არ არის საჭირო დიდი ადამიანური რესურსი, დრო და განსაკუთრებული უნარ-ჩვევები.
„სტარტაპ საქართველოს“ ამ ეტაპზე 90 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის 70 ბიზნეს იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის. გამარჯვებული სტარტაპ იდეების განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობს.