24 საათის განმავლობაში თბილისში ერთადერთი ავტობუსი მუშაობს - #37, რომელიც სადგურის მოედნიდან აეროპორტის მიმართულებით მოძრაობს. მთელი ღამის განმავლობაში ავტობუსში არ არის კონტროლიორი. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ადამიანები, რომლებიც ამ მარშრუტით მგზავრობენ, ამბობენ, რომ ღამით ავტობუსი უსახლკაროების საცხოვრებლად არის გადაქცეული და რაც დრო გადის, მათი რიცხვიც უფრო და უფრო მატულობს.
#37 როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ემსახურება. ტურისტები, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შემოდიან საქართველოში, ხშირად ავტობუსით მოდიან ქალაქამდე. სწორედ ისინი იზიარებენ პირველ შთაბეჭდილებას - ავტობუსში მძინარე ან მთვრალ ადამიანებს, ტრანსპორტის მოუწესრიგებელ ინტერიერს და უსიამვონო სუნს.
ფაქტის შესახებ იციან თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, მაგრამ უძლურნი არიან. ისინი ადასტურებენ, რომ ნამდვილად უსიამოვნოა დანარჩენი მგზავრებისათვის ასეთ პირობებში გადაადგილება, თუმცა ეს სამართალდარღვევა არ არის. ამიტომ არავითარი ბერკეტი არ გააჩნიათ ვითარების შესაცვლელად.
უსახლკაროებთან ერთად არაერთხელ მოუწია აეროპორტისკენ მიმავალი ატობუსით მგზავრობა ლადო ფცქიალაძეს. როგორც მან "რეზონანსს" უთხრა, რაც დრო გადის, ავტობუსში საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი ადამიანების რიცხვი უფრო იზრდება, რაც განსაკუთრებით თვალში საცემია ზამთარში, როდესაც გარეთ ცივა და ღამით ღია ცის ქვეშ, გათენება დიდი პრობლემაა.
სამსახურიდან ხშირად მიწევს მივლინებით უცხოეთში წასვლა. როგორც წესი, ავტობუსით მივდივარ ხოლმე აეროპორტამდე. თავდაპირველად ასეთი ადამიანები უკანა სავარძლებზე რომ შევნიშნე, ყურადღება არ გამიმახვილებია, რადგან სულ ორნი იყვნენ. შემდეგი მგზავრობისას შევამჩნიე, რომ მათი რიცხვი გაიზარდა. აღმოჩნდა, რომ რაც დრო გადის, უფრო და უფრო იზრდება მათი რიცხვი. უკვე ერთმანეთს იცნობენ და როგორც მათი საუბრებიდან მივხვდი, ავტობუსებიც აქვთ დანაწილებული - ვინ რომელი ავტობუსით იმგზავრებს, რომ ერთში ძალიან ბევრმა არ მოიყაროს თავი.
ზამთარში ავტობუსში თბილა და გამოდის, რომ იგი ქუჩაში დარჩენილი ადამიანებისთვის თავშესაფარია. მათ 24-საათიან ტრანსპორტში გამოზამთრება შეუძლიათ. მეორე მხრივ კი, დანარჩენი მგზავრებისათვის ეს სერიოზული დისკომფორტია _ უსიამოვნო სუნი, მძინარე ადამიანები, ხშირად მთვარალებიც. იმაზეც მიფიქრია, როგორ შთაბეჭდილებას მოახდენს მათზე, ვინც საქართველოში პირველად ჩამოდის და მაშინვე ამ სურათს ხედავს. ალბათ არც ისე კარგი აზრი შეექმნებათ", - ამბობს ლადო ფცქიალაძე.
მსგავსი სიტუაციის მომსწრე იყო ნინია სტურუაც. ავტობუსში რამდენიმე ნასვამი ადამიანის ნახვამ, რომლებიც ძალიან ხმამაღლა საუბრობნენ, იგი საკმაოდ შეაშინა.
"პროგრამაში ვმონაწილეობ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 3 თვეში ერთხელ მიწევს 2 კვირით წასვლა. აეროპორტში თავიდან ტაქსით დავდიოდი, მაგრამ ყველამ იცის, რომ ღამით ტაქსით მგზავრობა ძალიან ძვირია. ერთ დღესაც გადავწყვიტე ეკონომიის გაწევა.
რეისების უმეტესობა ევროპის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შუაღამისას მიფრინავს. ჩემი რეისიც 2 საათზე იყო. ავტობუსში ასულს რამდენიმე უსახლკარო, ნასვამი ადამიანი დამხვდა, რომლებიც ხმამაღლა საუბრობდნენ, ხან იცინოდნენ და ხან ჩხუბში გადადიოდა. ნახევარი გზა ასე გავიარე და მერე ძალიან შემეშინდა. გნადავწყვიტე, ეკონომია უსაფრთხოების ხარჯზე არ გამეწია, მომდევნო გაჩერებაზე ჩავედი და გზა ტაქსით განვაგრძე.
ჩემს თავზე გადამხდარი ამბავი სოციალურ ქსელში დავწერე. ფაქტი სხვებმაც დამიდასტურეს, მაგრამ შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა. თურმე ეს ადამიანები მუდმივად ასე მგაზვრობენ მთელი ღამის განმავლობაში. საცხოვრებლად აქციეს ავტობუსი, რადგან სხვაგან წასასვლელი არ აქვთ", -უთხრა "რეზონანსს" ნინია სტურუამ.
ზემოთ მოყვანეილი ფაქტების შესახებ იციან თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში. ისინი ადასტურებენ, რომ ნამდვილად უსიამოვნოა ადნარჩენი მგზავრებისათვის ღამით ასე გადაადგილება, მაგრამ უსახლკაროები არაფერს აშავებენ, ამიტომ არავითარი ბერკეტი არ გააჩნიათ ვითარების შესაცვლელად.
"ფაქტის შესახებ, რა თქმა უნდა, ვიცით. თბილისის სატრანსპორტო კომპანიას აქვს ეს ინფორმაცია. მთელი ღამის განმავლობაში ადამიანები, რომლებიც ქუჩაში არიან დარჩენილი, #37 ავტობუსით გადაადგილდებიან. გვესმის, რომ ეს უსიამოვნოა დანარჩენი მგზავრებისათვის, თუმცა ვითარების შეცვლა არ შეგვიძლია და არც გვიცდია, რადგან აქ სამართალდარღვევა არაფერია. ისინი ბილეთებსაც იღებენ და ასე მგზავრობენ ღამის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში კი, თუ მათი მხრიდან მოხდება მგზავრების შეურაცხყოფა ან სხვა რაიმე სახის დარღვევა, მგზავრები უნდა დაუკავშირდნენ საპატრულო პოლიციას. მაშინ რეაგირება ნამდვილად იქნება", - განუცხადეს "რეზონანსს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
მალე დედაქალაქში ღამის სხვა ავტობუსის დამატებასაც აპირებენ. შეიძლება ითქვას, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის ღამეული სტუმრები ამით მოხერხებულად ისარგებლებენ, რადგან გამოცდილება უკვე აქვთ.
თამუნა მუკბანიანი
გაზეთი "რეზონანსი"