საგამოძიებო სამსახურმა 21 კგ-ზე მეტი ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების კონტრაბანდის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.

ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან იუწყებიან.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის’’ გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად, ერთ - ერთი გადამზიდავი კომპანიის კუთვნილ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავებით შემოიტანა არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები, მობილური ტელეფონის აქსესუარები და ავტომანქანის სათადარიგო ნაწილები.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ჯამში 21 კგ-ზე მეტი ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 191 381 ლარს შეადგენს. ასევე ამოღებულია ჯამში 10 144 ლარის ღირებულების ტელეფონის აქსესუარები და ავტომანქანის სათადარიგო ნაწილები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.