ბოლო პერიოდში მედიაში აქტიურად განიხილება, რომ საკანონმდებლო რეგულაციები, რომელთა გატარებაც სამშენებლო სექტორის მიმართებით იგეგმება, ბიზნესზე უარყოფითად აისახება.
კერძოდ, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეგულაციების გამკაცება სამშენებლო კომპანიებს ხარჯებს გაუზრდის, რაც ავტომატურად აისახება უძრავი ქონების ფასებზე.
„მენაშენთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა თორნიკე აბულაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, „რეგულაციებისა და სანქციების გამკაცრება მენაშენეებისთვის 30 ათასიდან 50 ათას ლარამდე დამატებით ხარჯს გამოიწვევს, რაც უძრავი ქონების ფასში ნამდვილად აისახება. მისივე თქმით, „წლის ბოლომდე ფასის ცვლილება ძირითადად სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე მოხდება, რაც 1 კვადრატულ მეტრზე ფასის 80-100 დოლარით ზრდას გამოიწვევს, თუმცა, ეს ამით არ გაჩერდება“.
საკითხს უძრავი ქონების სავარაუდო გაძვირებასთან დაკავშირებით, უძრავი ქონების სააგენტო Myclient.ge-ც გამოეხმაურა.
რეგულაციების გამკაცრების შემდეგ უძრავ ქონებაზე ფასების ზრდას კომპანიის დირექტორი გვანცა გუჯელაშვილიც ვარაუდობს.
თუმცა, კომპანიაში მიაჩნიათ, რომ უძრავი ქონების ამ მიზეზით გაძვირება საგანგაშო არ არის, რადგან ის საკითხები, რომელთა მოგვარებასაც რეგულაციების გამკაცრება ისახავს მიზნად, ბევრად მნიშვნელოვანია.
„რეგულაციების გამკაცრება ბევრად მეტი ნებართვის მიღებასთან და მშენებლობის ხარისხის გაუმჯობესებასთან იქნება დაკავშირებული. შესაბამისად, მშენებლებს, რომლებსაც მათ დაცვას უკვე კანონი დაავალდებულებს, სამშენებლო სამუშაოების თვითღირებულება შედარებით მეტი დაუჯდებათ, ეს კი ავტომატურად უძრავი ქონების ფასზეც იმოქმედებს. თუმცა, მაშინ, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლის უფლების დაცვას ეხება, როცა პრობლემაა სამშენებლო მასალების ხარისხზე და იმაზე, თუ რამდენად სამართლებრივად განხორციელდა ესა თუ ის მშენებლობა, ყველა ვთანხმდებით, რომ თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ფასების გაძვირებაზე მნიშვნელოვანია. უმჯობესია, უძრავ ქონებაში, შედარებით მეტი გადავიხადოთ, ოღონდ გვქონდეს გარანტია, რომ არის ხარისხიანი და მისი მშენებლობა კანონის ყველა წესით განხორციელდა,“- განაცხადა გვანცა გუჯელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დადგენილებაში რამდენიმე ცვლილება უკვე შევიდა. ცვლილებების შედეგად, ნებართვის მიღების პროცესშივე იქნება აუცილებელი გამწვანების გეგმის წარმოდგენა, იქ არსებული ხეების აღრიცხვა და გამწვანების ახალი გეგმის წარდგენა.
ასევე, 4000 კვ/მ-ზე დიდი ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მისაღებად დეველოპერებს საწყის ეტაპზევე დასჭირდებათ სატრანსპორტო კვლევისა და სატრანსპორტო რეგულირების სქემის წარმოდგენა.
ამასთან, დეველოპერს ვალდებული იქნება განათავსოს საინფორმაციო დაფა, რომელიც უნდა მოიცავდეს სამშენებლო ობიექტზე გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების ამსახველ ინფორმაციას. მათ შორის, გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღს; გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას (მათ შორის, დახასიათება − ხნოვანება, სიმაღლე); გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს; შეთანხმებულ გამწვანების პროექტს, რომელიც უნდა იყოს ვიზუალურად გამოსახული მაკეტი ან/და ფოტომონტაჟი.