გლობალური სარეკლამო ბაზარი კრიზისამდე ზრდის დინამიკას უბრუნდება

სარეკლამო ბაზარზე მთავარ მოთამაშედ კვლავ ტელევიზია რჩება.

საერთაშორისო საკომუნიკაციო ქსელის ZenithOptimedia-ს ახალი კვლევის თანახმად, მსოფლიოში სარეკლამო დანახარჯები მომდევნო სამი წლის განმავლობაში იმ ნიშნულს გადაუსწრებს, რომელიც კრიზისამდე პერიოდში აღინიშნებოდა. უფრო კონკრეტულად კი 2008 წლის მაჩვენებელს, როდესაც სარეკლამო ბიუჯეტის ზრდამ მხოლოდ 1,3 პროცენტი შეადგინა.

კომპანიის პროგნოზის მიხედვით, 2014 წელს მსოფლიო სარეკლამო ბაზარზე რეკლამაზე დანახარჯები მიმდინარე წელს 5,5 პროცენტით გაიზრდება და 532 მილიარდს შეადგენს, 2015 წელს - 5,8%-ით, 2016 წელს კი ზრდა 6,1%-ს მიაღწევს.

მსოფლიო სარეკლამო ბაზრის ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტი კვლავ ინტერნეტ რეკლამა დარჩება. ZenithOptimedia-ს მონაცემებით, 2014-2016 წლების პერიოდში ინტერნეტ რეკლამის წილი გლობალურ ბაზარზე წლიურად საშუალოდ 16 პროცენტი იქნება.

კომპანიის კვლევის თანახმად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ინტერნეტ რეკლამის ყველაზე დინამიურად განვითარებადი კატეგორია ბანერული რეკლამა იქნება, რომლის საშუალო წლიური მაჩვენებელი 21 პროცენტს მიაღწევს. ZenithOptimedia-ში აცხადებენ, რომ ტრადიციული დისფლეი ფორმატების ზრდას ხელს შეუწყობს რეკლამის შეძენის ავტომატიზაცია და ოპტიმიზაცია (programmatic buying) და RTB-ტექნოლოგიის განვითარება, ასევე დინამიურად განვითარდება ონლაინ ვიდეო რეკლამის სეგმენტი და რეკლამა სოციალურ ქსელებში.

"ჩვენი პროგნოზებით, 2015 წელს ბანერული რეკლამა პირველად გადაუსწრებს ე.წ. paid search-ს, რომლის საშუალო წლიური ზრდა ამ პერიოდში 13 პროცენტი იქნება. 2016 წელს კი ინტერნეტ რეკლამაში ინვესტიციები 74,4 მილიარდ დოლარს, paid search-ში კი 71,1 მილიარდ დოლარს მიაღწევს", - განაცხადა ZenithOptimedia WorldWide-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ კინგმა.

მისივე თქმით, რეკლამის დამკვეთები სულ უფრო დამაჯერებლად არიან განწყობილი მომავლის მიმართ, რაც იმის მანიშნებელია, რომ ეკონომიკა ზრდის სტაბილურ ნიშნულს უბრუნდება.

ამასთან, სარეკლამო ბაზარზე მთავარ მოთამაშედ კვლავ ტელევიზია რჩება. 2014 წელს სატელევიზიო ბიუჯეტის ზრდა რეკლამის კუთხით 5,2 პროცენტი იქნება, რაც მცირედით მეტია 2013 წლის მაჩვენებელთან - 4,4%.

პირველად 2010 წლის შემდეგ კი, სარეკლამო ინვესტიცია დადებით დინამიკას მიაღწევს ევროზონაში, სადაც 2014 წელს სარეკლამო ბაზრის ზრდის მაჩვენებელი 0,7% იქნება, 2015 წელს - 1,6%, 2016 წელს კი 1,7%.

მსოფლიო სარეკლამო ბაზრის ლიდერად კვლავ აშშ რჩება - 26%, მას მოსდევს ჩინეთი (ახალი ინვესტიციების 17%-ით ზრდა) და არგენტინა და ინდონეზია (7-7%).

წყარო : adline.ge