ლაგუნა-ვერეს მიმდებარე საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-გაფართოების სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 2 მარტს დაიწყება და 5 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 54 811 ლარია.
„საპროექტო ობიექტი იწყება გმირთა მოედნიდან, მოიცავს სანაპიროზე ჩასასვლელ საავტომობილო გზასა და მარჯვენა სანაპიროს (ზ. გამსახურდიას სანაპირო) ნაწილს და მთავრდება გალაქტიონის ხიდის ქვეშ გამავალ გვირაბთან. პროექტი ასევე ითვალისწინებს, ლაგუნა ვერეს მოპირდაპირედ, გზის მეორე მხარეს არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობას.
საპროექტო გზის მთელ სიგრძეზე მარჯვენა მხარეს უნდა მოხდეს სავალი ნაწილის გაგანიერება ყოველ კონკრეტულ უბანზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე და შეთანხმდეს დამკვეთთან. გმირთა მოედნიდან სანაპირომდე საპროექტო გზის ქვეშ გადის მდინარე ვერეს გამტარი დიდი კოლექტორი, რომლის გადახურვის ფილების კონსტრუქციული მდგრადობა მიმწოდებლის მიერ უნდა იქნას შესწავლილი და საჭიროების შემთხვევაში შეიცვალოს ახალი ფილებით,“-ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
პროექტში გათვალისწინებული უნდა იქნას ასევე ტროტუარების კეთილმოწყობა, გამწვანება და ველობილიკის მოწყობა.