ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა ზაფხულში დასრულდება

ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის სამშენებლო სამუშაოები ზაფხულში დასრულდება.

როგორც გზების დეპარტამენტში აცხადებენ, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის E60 (ფოთი-თბილისი-წითელი ხიდი) და E70 (ფოთი-ბათუმი-სარფი) მოდერნიზაცია-რეკონსტრუქცია საგზაო ინფრასტრუქტურის პრიორიტეტული პროექტებია. ამ დროისათვის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე სამუშაოები ერთდროულად 7 მონაკვეთზე მიმდინარეობს.

ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ქუთაისის შემოვლითი და ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის სამშენებლო მონაკვეთის მშენებლობა. ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთის სიგრძე 17,3 კილომეტრია, ხოლო ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთის სიგრძე - 24 კილომეტრი. აღნიშნული მონაკვეთების მშენებლობა მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დასრულდება.

ამ დროისათვის, ქუთაისის შემოვლითი გზის 9,0 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოების 88% შესრულებულია. პარალელურ რეჟიმში ხიდების და წყალგამტარი მილების მშენებლობა მიმდინარეობს. ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი ითვალისწინებს ცემენტ-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობას, მომავალში კიდევ ორი ზოლის დამატების პერსპექტივით.

ქუთაისის შემოვლითი გზის I და II ლოტზე სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "TODINI Costruzion Generali SPA” TAKENAKA CIVIL ENGINEERING&CONSTUCTION CO.LTD" ასრულებს, დონორი კი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოა (JICA).