აშშ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომპანიებს ზღუდავს

შეერთებული შტატები ყველანაირად ცდილობს, რომ „ამერიკის მტრების წინააღმდეგ სანქციებით ზემოქმედების“ კანონი (CAATSA) ეფექტური იყოს.

ამისათვის ქვეყნის მთავრობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობს, ყველა დაარწმუნოს, რომ არ აწარმოონ ბიზნესი რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის და მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან.

„მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენს ყველა მისიას დავუგზავნეთ შეტყობინებები. მათ უკვე ჩაუტარდათ ინსტრუქციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმოქმედონ CAATSA-ს რეალიზებისთვის. მათ უნდა აუხსნან იმ ქვეყნებს, სადაც მუშაობენ, თუ რა წინააღმდეგობა შეხვდებათ იმ შემთხვევაში, თუ მათი კომპანიები და ფიზიკური პირები ისეთ საქმიანობაში იქნებიან შემჩნეული, რომლებიც გარკვეულ ზღვარს სცდება. თუ ისინი რუსეთის სამხედრო დაზვერვის და სხვა სექტორების საქმიანობას შეუწყობენ ხელს“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ჰიზერ ნოიერტის განცხადებაში.

მისივე თქმით, თუ შეერთებული შტატები დააფიქსირებს ნებისმიერი სახის ტრანზაქციას, რომლებიც მიღებული კანონის ფარგლებში სანქციებს ექვემდებარება, შესაბამისი ქვეყნების, მათში მოქმედი ორგანიზაციების და კერძო პირების მიმართ, მკაცრი სანქციები გატარდება.

„ჩვენ კმაყოფილნი ვართ იმით, რომ რამდენიმე ქვეყანამ უკვე შეწყვიტა რუსეთისგან გარკვეული პროდუქციის შესყიდვა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ 3 მილიარდზე მეტი დოლარის მოცულობის ტრანზაქციების განხორციელებას შევუშალეთ ხელი“, - დასძენს ნოიერტი.

თეთრი სახლის პრესმდივანი სარა სანდერსი ამბობს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალშიც რუსეთის მიმართ „უკიდურესად ხისტი“ იქნება. „პრეზიდენტობის პირველ წელს ის რუსეთის მიმართ უფრო ხისტი იყო, ვიდრე ბარაკ ობამა წინა რვა წლის განმავლობაში. მან შემოიღო სანქციები, გარდაქმნა არმია“, - ამბობს სანდერსი და დასძენს, რომ ტრამპმა უფრო გაამკაცრა ობამას დროს დაწესებული სანქციები და აღმოსავლეთ ევროპაში ენერგო მატარებლების ექსპორტი დაიწყო. „მან ამერიკაში სამი რუსული დიპლომატიური ობიექტი დახურა. ის უკიდურესად ხისტია რუსეთის მიმართ და ჩვენ მომავალშიც ასევე გავაგრძელებთ“, - ამბობს სანდერსი.