ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ვიდეორგოლს აქვეყნებს და ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს ახსენებს, რომ 2019 წლის ბოლომდე ინსპექტირება გარკვეული კატეგორიის ყველა სატრანსპორტო საშუალებამ უნდა გაიაროს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყო. ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში ეტაპობრივად განხორციელდება. ინსპექტირებას გაივლის საქართველოს მთელი ავტოპარკი მომდევნო ორი წლის განმავლობაში - 2019 წლის ბოლომდე. რაც შეეხება ფასებს, მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების - 100 ლარი ეღირება.
ყველა ავტომფლობელს, რომლის სატრანსპორტო საშუალებასაც აღმოაჩნდება ისეთი ხარვეზი, რაც ეწინააღმდეგება დადგენილ მოთხოვნებს, მიეცემა გონივრული ვადა (ერთთვიანი) პრობლემის მოსაგვარებლად. ამასთან, გამკაცრდება ინსპექტირების მოწმობის არქონის შემთხვევაში არსებული საჯარიმო სანქციები. უფრო კონკრეტულად კი, ფიზიკური პირისთვის ჯარიმა იქნება 50 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 200 ლარი.
2018 წლის 1-ელი ივლისიდან ინსპექტირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები. 1-ელი ოქტომბრიდან - დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები (3.0 ძრავით და ზემოთ), რადგან ისინი მეტ საწვავს მოიხმარენ და შესაბამისად, მათგან მავნე გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების მეტი საფრთხე არსებობს. მომდევნო ეტაპზე - 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ინსპექტირებას გაივლის საქართველოს დანარჩენი ავტოპარკი - 2019 წლის ბოლომდე.