წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით, McDonald's-ის ფილიალების რაოდენობა 19-მდე გაიზრდება. ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე 13 რესტორანს ფლობენ, მეთოთხმეტე რესტორანი ბათუმში, ერას მოედანზე მაისში გაიხსნება.
„ეს იქნება ჩვენი მეორე რესტორანი, რომელიც აჭარის რეგიონში გაიხსნება. მაისში უკვე გავხსნით და საზღვაო სეზონს ბათუმი ორი McDonald's-ით შეხვდება. ჯერჯერობით რეგიონებში სხვა ახალი ფილიალის აშენება არ იგიგეგმება, თუმცა თბილისში მაქსიმუმ ხუთი რესტორნის დამატება გვინდა და წლის ბოლომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 რესტორანი გვექნება. დაახლოებით 11 მილიონი დოლარი უკვე გამოყოფილია იმისთვის, რომ თბილისს McDonald's-ის ახალი რესტორნები დაემატოს“, - აღნიშნავს ჭყონია.
მისივე თქმით, თბილისში McDonald's-ის ახალი რესტორნები ნაძალადევში, ნავთლუღში და მსგავს მჭიდრო დასახლებებში აშენდება.
რაც შეეხება სომხეთში McDonald's-ის პირველი ფილიალის გახსნას, რომლის ლიცენზიაც ბიზნესმენს უკვე მიღებული აქვს, მისი ინფორმაციით, აპრილის ბოლომდე იქნება გადაწყვეტილება მიღებული, თუ კონკრეტულად სად აშენდება.
„რამდენიმე ადგილის შემოთავაზება გვაქვს, თუმცა ჯერაც ვერ ავარჩიეთ ადგილი. ეს იქნება ჩვენი პირველი რესტორანი სომხეთში და აუცილებელია, რომ ის ერევნის ცენტრში აშენდეს. აპრილის ბოლომდე გადაწყვეტილებას მივიღებთ და შემდეგ უკვე სამშენებლო სამუშაოებიც დაიწყება. მშენებლობისთვის 2,5 მილიონი დოლარი გვაქვს განსაზღვრული“,- აღნიშნა ჭყონიამ.
ამასთან, ბიზნესმენის განცხადებით, კიდევ ერთი სიახლე, რომელიც McDonald's-ს წელს საქართველოში ექნება, ეს არის ფუნთუშების ქარხანა, რომელიც ლილოში აშენდება.
„ამ ეტაპზე პროექტირება მიმდინარეობს. ლილოში, სადაც ჩვენი ლოგისტიკური ცენტრია, ფუნთუშების ქარხანაც იქვე ახლოს აშენდება. პროექტის განხორციელებას 5 მილიონი ევრო დასჭირდება. McDonald's-ის სათაო ოფისთან გვაქვს ასეთი შეთანხმება, რომ ამ ქარხანამ სამი ქვეყანა - საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი უნდა მოამარაგოს. ფუნთუშების ქარხანას 30 მილიონზე ნაკლები წარმადობა არ ექნება. გვინდა, რომ მშენებლობა წელს დავიწყოთ და წელსვე დავასრულოთ. ასევე, სალათის ფურცლების წარმოებაც საჭიროა, თუმცა ამ ეტაპზე გადავიფიქრე. ჯერ სხვა მნიშვნელოვანი პროქტები გვაქვს დაწყებული, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. შემდეგ უკვე სალათის ფურცლებზეც ვიფიქრებთ. არ გვინდა ისეთი რაღაც დავიწყოთ, რაც დროში გაიწელება“, - აცხადებს თემურ ჭყონია.
თეონა კენჭიაშვილი