პარლამენტის შენობის წინ პროფკავშირების მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა.მონაწილეებმა ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობამდე ფეხით მსვლელობა გამართეს, ლოზუნგით ”მუშა, რომელიც არ დაღუპულა, მე ვარ!”.
აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას და პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით განხილვას პროფკავშირების მიერ ინიცირებული კანონპროექტისა, რითაც მოხდება დასაქმებულთა უფლებების დაცვა და გაიზრდება ზედამხედველობისა და აღსრულების ფუნქციები.
აქციის ორგანიზატორთა თქმით, დღეს გამართული აქცია გამაფრთხილებელი იყო, ხოლო თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს და კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები არ განხორციელდება, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
პროფკავშირებმა დღეს მოქალაქეების პეტიციების შეგროვება დაიწყო, რომელიც მოგვიანებით პარლამენტში გადაიგზავნება. პეტიციით ისინი მოითხოვენ შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასა და მის გამკაცრებას.
აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სხვდასხვა დროს სამუშო ადგილებზე გარდაცვლილთა ხსოვნას. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მონაცემებით, შრომის ინსპექციის გაუქმებიდან დღემდე საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად 488 ადამიანი დაიღუპა, 800-ზე მეტი კი დაშავდა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ტენდენცია მზარდია.