მანჰეტენის მშვენება, ლეგენდარული სასტუმრო Waldorf Astoria, რომელიც ამ ქალაქის მდიდრულობის სიმბოლოც იყო, პეკინის ხელშია.
საქმე იმაშია, რომ ჩინეთის ხელისუფლება კომპანია Anbang-ის მაკონტროლებელი გახდა.
როგორც „ჩინეთის სადაზღვეო მარუგულირებელი კომისიის“ განცახდებაშია ნათქვამი, მათი ნაბიჯი ნაკარნახევი იყო კომპანია Anbang-ის წინაშე შექმნილი პრობლემების გამო, რომელიც პრაქტიკულად გადახდისუუნარო გახდა. სახელმწიფო სამუშაო ჯგუფი კი კომპანიას მხოლოდ ერთი წლით, მომავალი წლის 22 თებერვლამდე გააკონტროლებს. თუმცა ჯერ უცნობია, რა მოხდება ამის შემდეგ და ვის დარჩება კომპანიის მმართველობა, ერთ-ერთი ვარიანტია - სახელმწიფოს მხრიდან კომპანიის წილის შეძენა.
კომპანიის ბორდის წევრები ხელმძღვანელობიდან ჩამოაშორეს და ისინი სპეციალურმა ჯგუფმა ჩაანაცვლა. ხოლო Anbang-ის ხელმძღვანელი ვუ ქსიაჰოუს მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო „ეკონომიკური დანაშაულების“ გამო. Anbang-ის მიმართ ჩინეთის ხელისუფლებას კითხვები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც კომპანიამ გასული წლების განმავლობაში არაერთი მსხვილი უძრავი ქონება შეიძინა. შესაბამისად, მათთვის კომპანიის რეალური მფლობელის მიმართ კითხვები გაჩნდა. კომპანიის მფლობელობაში ამჟამად 300 მილიარდი დოლარის ქონებაა.
Waldorf Astoria, რომელიც ჩინურმა კომპანია Anbang-მა Hilton Worldwide-ისგან 2014 წელს 1,95 მილიარდ დოლარად შეიძინა, ამჯერად სრულიად ჩინეთის ხელისუფლების განკარგულებაშია. მათ ხელშია ასევე კომპანიის სხვა უძრავი ქონებაც, მათ შორის კომპანია Strategic Hotel and Resorts-ის ქოლგის ქვეშ მყოფი სასტუმროები, რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ სასტუმროებს როგორებიცაა JW Marriot Essex House მანჰეტენზე, Four Seasons Hotel ვაშინგტონში და სხვები.
კოკა კვირკველია