ჩინურ საავტომობილო კომპანია „ჯილის“ მფლობელი და მთავარი აღმასრულებელი, ჩინელი ბიზნესმენი ლი შუფუ „დაიმლერის“ აქციების 9.69 პროცენტის მფლობელი გახდა.
ამგვარად, ის გერმანული ინდუსტრიული გიგანტის უმსხვილესი აქციონერია. მის ხელთ არსებული პაკეტის ფასი 9 მილიარდი დოლარია. თუმცა შუფუს თავისი აქციების დიდი ნაწილი, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, სხვადასხვა ფასად აქვს შესყიდული.
ცნობილია, რომ „ჯილის“ „დაიმლერთან“ ალიანსის შექმნა სურდა, რაც მისთვის გერმანული გიგანტის ელექტრომობილების ტექნოლოგიებს ხელმისაწვდომს გახდიდა. ჩინური კომპანიის მონდომებას ის გარემოება განაპირობებს, რომ ცისქვეშეთის მთავრობა, საავტომობილო კომპანიებს ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების წარმოებისკენ უბიძგებს.
შუფუს მიერ აქციების მსხვილი პაკეტის შეძენის შესახებ, „დაიმლერმა“ სპეციალური განცხადება გააკეთა, რასაც მას სააქციო ბაზრის რეგულაციები აიძულებს. მასში ნათქვამია, რომ ეს არ იყო კომპანიებს შორის გარიგება და შუფუმ აქციები კერძო პირის რანგში შეიძინა.
„ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ლი შუფუს სახით, კიდევ ერთი ძლიერი ინვესტორი შევიძინეთ, რომელმაც აქციების შესყიდვა, „დაიმლერის“ ინოვაციების, სტრატეგიის და პოტენციალის გათვალისწინებით გადაწყვიტა. „დაიმლერი“ იცნობს ლი შუფუს, როგორც ჩინელ კომპეტენტურ და მომავლის განჭვრეტის უნარის მქონე ბიზნესმენს“, - ნათქვამია „დაიმლერის“ პრეს მდივნის განცხადებაში.
რაც შეეხება „ჯილის“, ჩინურ კომპანიას სურდა, რომ „დაიმლერის“ აქციების 5 პროცენტი ფასდაკლებით შეესყიდა, რაზეც უარი მიიღო. „ჯილის“ ჯგუფი ამჟამად „ვოლვო ქარზს“, „პოლსტარს“, „ლონდონ ტაქსი კომპანის“ და საკუთრივ „ჯილის“ აერთიანებს. მასვე ეკუთვნის მალაიზიურ საავტომობილო კომპანია „პროტონის“ აქციების 49.9 პროცენტი. თავის მხრივ, „პროტონი“ სპორტული ავტომობილების მწარმოებელ ბრიტანულ კომპანია „ლოტუსის“ მფლობელია.
ცნობისათვის, „დაიმლერის“ ჯგუფის მთავარი მარგალიტი „მერსედეს-ბენცი“ და მისი ქვე-ბრენდებია. აქამდე „დაიმლერის“ უმსხვილესი აქციონერი, კუვეიტის საინვესტიციო კომპანია იყო, რომელსაც აქციების 6.8 პროცენტი ეკუთვნის.