”ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს კვლავ პრობლემები ექმნება”

ლევან კალანდაძე: ხუდონთან დაკავშირებით ომბუდსმენის დასკვნა მიკერძოებული და ტენდენციურია.

ცოტა ხნის წინ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანი საკრედიტო რესურსი გამოუყოს საქართველოში მიმდინარე 2 ჰიდროენერგეტიკულ პროექტს - აჭარის წყალსა და დარიალჰესს.

ამ საკითხთან დაკავშირებით BPN ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში, ლევან კალანდაძეს ესაუბრა.

- EBRD-ის ასეთი მხარდაჭერა ნიშნავს თუ არა იმას, რომ ქვეყნის ჰიდროენერგეტიკის განვითარება პრიორიტეტად სწორად არის არჩეული?

- საქართელოს ეკონომიკური განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია სწორედ ასეთი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული, უფრო ზუსტად, ჰიდროენერგეტიკული პროექტების განვითარება და მშენებლობა. EBRD-ის მხარდაჭერაც და მისი მხრიდან ჰიდროენერგეტიკული პროექტების დაფინანსებაც უმნიშვნელოვანესია, როგორც ქვეყნის ენერგეტიკული სტაბილურობისათვის, ასევე ეკონომიკური მდგრადობისთვის. საგულისხმოა, რომ მსოფლიოში უდიდესმა საფინანსო ინსტიტუტმა, რომელიც ცნობილია თავისი მაღალი სტანდარტებით გარემოსდაცვის კუთხით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ შემოვიდეს თავისი ფინანსური რესურსით აჭარის წყლის პროექტში და დარიალჰესზე. თქვენ გახსოვთ ალბათ, როგორი წინააღმდეგობა ხვდებოდა ამ პროექტებს ადგილობრივი გარემოს დამცველი ორნიზაციების მხრიდან და საერთოდ ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელებას რამდენი პრობლემა ექმნება. ეს იმაზე მიუთითებს, რომ სხვა უფრო გლობალურ დინებებთან გვაქვს საქმე და არა გარემოს დაცვით პრობლემებთან, რადგანაც წარმოუდგენელია, რომ EBRD-მა დააფინანსოს პროექტი, რომელსაც გარემოს დაცვის კუთხით საფრთხეების შექმნა შეუძლია. სამწუხაროდ, გარკვეული ძალები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ჰიდროენერგეტიკის განვითარებას პრობლემები შეექმნას და სტრატეგიული პროექტები გაჩერდეს, არ განხორციელდეს. სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ხუდონჰესის პროექტს სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა და რეკომენდაციებით მიმართა მთავრობას. ამ რეკომენდაციებში ყურადღება გამახვილებული იყო პროექტის ეკონომიკურ და გარემოსდაცვის საკითხებზე.

- რამდენად ეთანხმებით სახალხო დამცველის მოსაზრებებს?

- სახალხო დამცველის გუშინდელმა ბრიფინგმა მეც გამაკვირვა. ბატონი ნანუაშვილისთვის წესით ცნობილი უნდა იყოს, რომ საქართველოს ეკონომისტების უდიდესი ნაწილი (ჩატარებულია უამრავი დისკუსია, განხილვა, ბრიფინგი, სადაც განხილული იყო ამ პროექტის ეკონომიკური ასპექტები) მხარს უჭერს ამ პროექტს და მიაჩნიათ, რომ ის არის უდიდესი პროექტი არა მარტო ჰიდროენერგეტიკული თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკის განვითარებისთვისაც. ამ პირობებში ცოტა არასერიოზულია, როდესაც სახალხო დამცველი ეჭვქვეშ აყენებს ამ პროექტის ეკონომიკურ სარგებლიანობასა და საინვესტიციო მიმზიდველობას. ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელოდ მცირე ინვესტიციის განხორციელების დროსაც კი, ინვესტორი პირველ რიგში პროექტის საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასებას და ეკონომიკურ ანალიზს აკეთებს. როგორ ფიქრობთ, ისე განახორციელებს ხუდონჰესში ინვესტორი მილიარდ ორასი მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას, რომ შესაბამისი გათვლები და ანალიზი გაკეთებული არ იყოს?! ეს ხომ სრული აბსურდია! სახალხო დამცველის განცხადებები და რეკომენდაციები მე პირადად მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ აქ საქმე გვაქვს მიკერძოებულ და ტენდენციურ დასკვნებთან, ან უბრალოდ, არაკომპეტენტურობასთან. ასევე გასაოცარია, როდესაც ის აცხადებს, რომ 111 შენიშვნა, რომელიც გზშ-ს პირველად ვარიანტზე გაკეთდა, გარემოს დაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ მიერ, ვაზუსტებ, მხოლოდ ორი ორგანიზაციის მიერ გამოთქმულ შენიშვნებზე არ არის გათვალისწინებულიო - საიდან აქვს სახალხო დამცველს ეს ინფორმაცია? გარემოზე ზემოქმედების შეფასების საბოლოო ვერსია საჯარო ჯერ არ გამხდარა. ინვესტორი ყველა სატელევიზიო და მედიასთან გაკეთებულ კომენტარში აფიქსირებს, რომ გონივრული შენიშვნები გათვალისწინებული იქნება. განსახლების გეგმაზე მუშაობს კანადური კომპანია „რეპლანი“. ბუნებრივად ჩნდება კითხვები სახალხო დამცველის მიმართ: რატომ აკეთებს წინსწრებით ასეთ დასკვნებს და შეფასებებს, ვის მიერ მიწოდებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით უგზავნის საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებს, ხომ არ გვაქვს საქმე პიროვნულ კონფლიქტთან ამ პროექტისადმი? ასევე, ამ ეტაპზე სახალხო დამცველის ჩართვა ამ პროცესში ხომ არ ნიშნავს უბრალოდ უფლებამოსილების გადამეტებას? საქართველოში უნდა დაიწყოს მშენებლობის ბუმი. ფოთში გაიხსნა უდიდესი ქარხანა ფრანგული „ლაფარჟეს“ პარტნიორობით; მსოფლიო საფინანსო ორგანიზაციები აფინანსებენ ჰიდროპროექტებს; იწყება ტრანსმაგისტრალური გადამცემი ხაზების მშენებლობა და გიგანტი კომპანიები აპირებენ ინვესტიციების ჩადებას... ამ დროს სახალხო დამცველის მიერ ხდება სტრატეგიული პროექტის მნიშვნელობის დაკნინება და ინვესტორი კომპანიების დისკრედიტაცია. ხომ არ ჯობია უკეთესი მომავლის შექმნაზე ვიზრუნოთ, კარგად ჩავიხედოთ საკითხების არსში, და სულ მცირე, სწორი ინფორმაცია მოვიპოვოთ სტრატეგიულ პროექტებზე. ჩვენი უპირველესი უფლება, სხვა უფლებებთან ერთად, ნორმალური ცხოვრების პირობებიც არის და სახალხო დამცველს ეს არ უნდა ავიწყდებოდეს.