კვირა საღამოს სმარტფონების ბაზარზე არამხოლოდ „სამსუნგის ცხრიანის“ მსოფლიო პრემიერა გაიმართა, არამედ საკუთარი სრულიად ახალი ფლაგმანი წარმოადგინა Nokia-მ.
კომპანიამ HMD Global-მა, რომელიც Nokia-ს ბრენდის ტელეფონების წარმოების მფლობელია, რამდენიმე სმარტფონი წარმოადგინა, მათ შორის, კი საფლაგმანო მოდელიც, რომელიც 1000 დოლარამდე ეღირება და Apple-სა და Samsung-ის ფლაგმანებს გაუწევს კონკურენციას.
წარმოდგენილ სმარტფონებს შორის არის Nokia 1, Nokia 6, Nokia 7 Plus და Nokia 8 Sirocco, რომლებიც პრემიუმ მოდელია.
Nokia 8 Sirocco-ს ფასი 921 დოლარია და ახლოს არის კომპანია Apple-ის ფლაგმან iPhone X-ის ფასთან. სიახლე მუშაობს Android სისტემაზე, გააჩნია 5,5, ინჩიანი გადახრილი დისპლეი, დუალური კამერა და უსადენო დატენვის ფუნქცია. მისი გაყიდვები აპრილში დაიწყება.
რაც შეეხება სხვა მოდელების ფასს: Nokia 6 - 279 ევრო ღირს, Nokia 7 Plus - 399 ევრო და ყველა მათგანი Google Android-ის საოპერაციო სისტემაზე მუშაობს.
კომპანია HMD ზრდის საკუთარ სამოდელო გამას, რათა მისი სმარტფონები წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა საფასო კატეგორიაში. კომპანიის განცხადებით, მათ გასულ წელს 70 მილიონი სმარტფონი და ტელეფონი გაყიდეს, თუმცა არ დაუკონკრეტებია რამდენი იყო ამ საერთო მაჩვენებელში სმარტფონების წილი.
კოკა კვირკველია