ჰარი-ჰარალე და გაურკვეველი მშენებლობები დედაქალაქში დამთავრდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კალაძის თქმით, მერია არავის მისცემს საშუალებას დედაქალაქში უკანონო მშენებლობები განახორციელოს.
„კომპანია „სვეტს“ რაც შეეხება, აქვს სერიოზული დარღვევები. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ უკანონოდ ახორციელებდნენ მშენებლობას. ჩვენ არ მივცემთ არავის იმის შესაძლებლობას, რომ დედაქალაქში უკანონო მშენებლობები განახორციელონ. ჰარი-ჰარალე და გაურკვეველი საქმიანობები დამთავრდა და ვერ მოხდება, არ მოხდება. შესაბამისად, კეთილი ინებონ, მწყობრში მოიყვანონ ყველაფერი. ასევე თქვენ იცით, რომ სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისითაც სერიოზული ცვლილებები შევიტანეთ 41-ე დადგენილებაში. ეს ყველაფერი კეთდება თითოეული ჩვენთაგანის, იმ ადამიანების უსაფრთხოებისთვის, ვინც ახალ საცხოვრებელს შეიძენს. იქ მაქსიმალურად უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოება გათვალისწინებული. ყველაფერი ეს სამშენებლო კომპანიამ უნდა დააკმაყოფილოს. მშენებლობის წინააღმდეგი როგორ ვიქნებით, პირიქით, ხელს შევუწყობთ, თუმცა, უკანონო მშენებლობების შესაძლებლობას არავის მივცემთ“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, სამშენებლო კომპანია „სვეტს“ რამდენიმე ობიექტზე მშენებლობა შეჩერებული აქვს.
არსებული ინფორმაციით, „სვეტი“ დიდუბეში საცხოვრებელ კომპლექსს მშენებლობის ნებართვის გარეშე აშენებდა, რის გამოც მშენებლობა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეაჩერა. კიდევ ერთ ობიექტზე მშენებლობის შეჩერების მიზეზი დარღვეული პროექტი გახდა.