აჭარაში საგაზაფხულო სამუშაოები გრძელდება

"მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში, აჭარაში ხვნის სამუშაოები გრძელდება.

როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე 6 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მუშაობს. მიმდინარე წელს აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტს და ქალაქ ბათუმზე შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ფერმერებს 26 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მოემსახურება.

საგაზაფხულო სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ხელვაჩაურის, ქობულეთის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში. დღეისთვის, "მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში აჭარის მასშტაბით მოიხნა 800 ჰექტარი მიწის ფართობი. კერძოდ, ქედაში - 107 ჰა, შუახევში - 16 ჰა, ხულოში - 17 ჰა, ქობულეთში - 481 ჰა, ხელვაჩაურში 166 ჰა, და ქალაქ ბათუმზე შემოერთებულ ტერიტორიაზე - 13 ჰა.