სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებას განაგრძობს. ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შემოწმდა საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტი შპს „აგროფერმა“, სადაც მიმდინარე წელს განხორციელებული შემოწმებების შედეგად სააგენტოს წარმომადგენლებმა 2 ტონაზე მეტი ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს.
ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, საეჭვოდ მიჩნეული სურსათი კი დაილუქა და ბიზნესოპერატორს მისი განადგურება დაევალა.
ხორცი მაღალი რისკის სურსათია. მომხმარებლის ჯანმრთელობის და ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო კონტროლს აქტიურად ახორციელებს.