„რეაბილიტირებული მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ მგზავრებისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა“

რეაბილიტირებული მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ მგზავრებისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა, - ამის შესახებ  „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტებმა „ახმეტელის“ მეტროსადგურში

მდგრადობის კუთხით ექსპერტიზა დაასრულეს და იგი მგზავრებისთვის უსაფრთხოა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სამხარაულის ექსპერტების მიერ ექსპერტიზის პროცესი ჯერ არ დასრულებულა იმ ოთხ სადგურში, სადაც სარემონტო სამუშოების პროცესი მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარის შემდეგ შეჩერდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მეტროსადგურებში: „ვარკეთილი“, „გურამიშვილი“, „სამგორსა“ და „ავლაბარში“ ექსპერტიზა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ამ სადგურების მდგომარეობის შესახებ დასკვნა კვირის ბოლოს იქნება.

„მეტროსადგურებში: „გურამიშვილში“, „სამგორს“ და „ავლაბარში“ ასევე დაწყებული იყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუმცა, “ვარკეთილში“ მომხდარის შემდეგ სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩვენ სამივე სადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოები შევაჩერეთ და ექსპერტიზის პროცესი დაიწყო. ექსპერტიზის პროცესი ასევე მიმდინარეობდა მეტროსადგურ „ვარკეთილშიც“, – აცხადებენ კომპანიაში.

რაც შეეხება 2018 წელს თუ რომელ სადგურებში განხორციელდება რეაბილიტაცია, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ამ შემთხვევაშიც ექსპერტიზის დასკვნებზე იქნება დამოკიდებული.

„მეტროსადგურებს, რომლებსაც სარეაბილიტაციო სამუშოები ჩაუტარდებათ, ექსპერტული დასკვნების საფუძველზე, პრიორიტეტების მიხედვით დავგეგმავთ. კერძოდ, მარტის თვის ბოლოს კომპანიას სხვა სადგურების მდგომარეობაზეც ექნება ინფორმაცია და ამის მიხედვით რეაბილიტაცია სხვა სადგურებშიც დაიწყება“, – აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს თბილისის მერიას 10 სადგურის ნაცვლად 5 სადგურის რეაბილიტაცია აქვს დაგეგმილი.