ავტობუსები და „მარშუტკები“, რომლებიც მხოლოდ გაჩერებებზე არ გააჩერებენ დაჯარიმდებიან

ავტობუსები და მიკროავტობუსები, რომლებიც 1-ლი მარტიდან მხოლოდ გაჩერებებზე არ გაჩერდებიან, დაჯარიმდებიან. ამის შესახებ, ცვლილებების შეტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იგეგმება.

ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მისი ავტორები პარლამენტის წევრები კახაბერ კუჭავა და ნინო წილოსანი არიან.

კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მხრიდან დედაქალაქის თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ ქუჩებზე დადგენილი გაჩერების წესის დარღვევაზე 100 ლარიანი ჯარიმა იქნება განსაზღვრული.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ავტობუსის გაჩერებებზე გაჩერების ან დგომის წესის დარღვევისას სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებებიც დაჯარიმდება. კერძოდ, ამ დარღვევაზე 50 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი მარტიდან თბილისში მოძრავი მიკროავტობუსები 14 ქუჩაზე მხოლოდ ავტობუსების გაჩერებაზე გააჩერებენ.

აღსანიშნავია, რომ ეს რეგულაცია მხოლოდ ყვითელ მიკროავტობუსებს შეეხება. ასევე მხოლოდ გაჩერებებზე მოუწევთ გაჩერება რუსთავიდან თბილისში მოძრავ სარეისო მიკროავტობუსებსაც, რომელთა რაოდენობაც დაახლოებით, 300-მდეა.

თბილისში უკვე შეირჩა 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებს მგზავრებისთვის მხოლოდ ავტობუსების გაჩერებებზე გაჩერება მოუწევთ. ეს ქუჩებია: მერაბ კოსტავას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, შოთა რუსთაველის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა, დავით აღმაშენებლის ხეივანი, დავით აღმაშენებლის გამზირი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, ჟიული შარტავას ქუჩა, პეკინის ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ჯორჯ ბუშის ქუჩა და კახეთის გზატკეცილი.