სეზონთან დაკავშირებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების რაოდენობა იზრდება

ბათუმის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, განსაკუთრებით გაზრდილია ჩარტერული ავიაფრენების რაოდენობა და ბათუმი ზაფხულის სეზონზე დიდი რაოდენობის ტურისტებს ელოდება.

"მაისის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე კვირაში 2-ჯერ განხორციელდება თელავივი-ბათუმის ფრენები, რომლის ფარგლებში რეგიონს კვირაში დაახლოებით 260 დამსვენებელი ესტუმრება ისრაელიდან. გაორმაგდება ჩარტერული ფრენების რაოდენობა პოლონეთიდან ბათუმის მიმართულებითაც. 7 ივნისიდან კვირაში ერთხელ ვარშავა-ბათუმის ფრენები დაიწყება, 13 ივნისიდან კატოვიცე-ვარშავა-ბათუმი, ხოლო 14 ივნისიდან კატოვიცე-პოზნანი-ბათუმის ფრენები. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ წარმოებული მოლაპარაკებებისა და სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, 2014 წლის სეზონზე პოლონეთიდან ყოველკვირეულად 3 ჩარტერული ფრენა განხორციელდება. საერთაშორისო ფრენებს ააქტიურებს ასევე უკრაინული ავიაკომპანია "Ukraine Internatinal Airlines", რომელიც ივნისის შუა რიცხვებიდან კვირაში 4-ჯერ, აქტიურ სეზონზე კი კვირაში 6-ჯერ გეგმავს ფრენებს კიევი-ბათუმის მიმართულებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

ბათუმის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგულარულ ფრენებს ამ ეტაპზე ახორციელებს "Turkish Airlines" ყოველ დღე ბათუმი-სტამბულის მიმართულებით. "Belavia" მინსკი-ბათუმის მიმართულებით ახორციელებს ფრენებს კვირაში 2-ჯერ, ხოლო სეზონზე კვირაში 4-ჯერ გეგმავს რეისებს. "Georgian Airways" კვირაში 2-ჯერ ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით ახორციელებს ფრენებს, რასაც სიბირის ავიახაზების "შ7"-ის მიერ სეზონზე კვირაში ერთხელ შესრულებული ფრენა დაემატება. ბათუმი-თბილისის მიმართულებით ფრენები კვირაში 4-ჯერ ხორციელდება.