სახელმწიფო უწყებებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი თავიდან გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება დღეს დაიწყო და 1-ელ მარტს დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კონსოლიდირებულ ტენდერში არ გაიმართება ვაჭრობის დამატებითი რაუნდები და გამარჯვებულად ჩაითვლება ყველა ის პრეტენდენტი, რომლის სატენდერო წინადადება სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან იქნება შესაბამისობაში.
შეგახსენებთ, რომ სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ წინა ტენდერში მონაწილეობა მოხლოდ კომპანია „ბილაინმა“ (შპს ვიონი საქართველომ) მიიღო. თუმცა, აღნიშნული ტენდერი შეწყდა, ახალი ტენდერი კი გუშინ, 26 თებერვალს გამოცხადდა.
„უწყვეტი და შეუფერხებელი საკომუნიკაციო მომსახურება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის, სატენდერო კომისია მიზანშეწონილად თვლის, რომ ტენდერში ერთი გამარჯვებული მიმწოდებლის არსებობა ალტერნატიული წყაროს გარეშე, შესაძლოა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის სერიოზულ რისკებთან იყოს დაკავშირებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, ასევე საკითხის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია შეწყდეს CON170000111 კონსოლიდირებული ტენდერი, განხორციელდეს ბაზრის ხელახალი კვლევა, გადაიხედოს სატენდერო პირობები და 2018-2019 წლების განმავლობაში ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადებში ხელმეორედ გამოცხადდეს კონსოლიდირებული ტენდერი,“-ნათვამია წინა ტენდერის შეწყვეტის ოქმში.
ცნობისთვის, აღნიშნულ ტენდერებთან დაკავშირებით, თებერვლის დასაწყისში კომპანია „ჯეოსელმა“ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, რომლის თანახმადაც, კომპანიამ კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან მიიღო წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ ტენდერით დადგენილი პირობები არსებითად არ განსხვავდება გასული წლის პირობებისგან, რის გამოც, 2017 წლის მარტში, კომისიამ აღნიშნული ტენდერის პირობებით მომსახურების მიწოდების სუბსიდირების საკითხის შესწავლა დაიწყო და მობილურ ოპერატორებს მიეცათ რეკომენდაცია მეტი პასუხისმგებლობით მოკიდებოდნენ ამ მნიშვნელოვან საკითხს.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კი აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს არ აკეთებდნენ. კომპანიაში მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ წერილი მხოლოდ „ჯეოსელსა“ და „მაგთის“ გადაეგზავნათ და გაფრთხილება „ბილაინს“ არ ეხებოდა.