სახელმწიფო უწყებებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ტენდერში „მაგთი“ და „ჯეოსელიც“ მიიღებენ მონაწილეობას

სახელმწიფო უწყებებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით თავიდან გამოცხადებულ ტენდერში კომპანია „მაგთი“ მონაწილეობას მიიღებს.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს, თუმცა სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

რაც შეეხება „ჯეოსელს“, კომპანიაში არ გამორიცხავენ ტენდერში მონაწილეობას. კერძოდ, როგორც „ჯეოსელის“ წარმომადგენელმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ამ ეტაპზე კომპანიის იურისტები სატენდერო დოკუმენტაციას სწავლობენ და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა, მიიღებს თუ არა „ჯეოსელი“ ტენდერში მონაწილეობას.

ცნობისთვის, სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი გუშინ თავიდან გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება დღეს დაიწყო და 1-ელ მარტს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ წინა ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ კომპანია „ბილაინმა“ (შპს ვიონი საქართველომ) მიიღო. თუმცა, აღნიშნული ტენდერი შეწყდა, რისი მიზეზიც მხოლოდ ერთი გამარჯვებული მიმწოდებლის არსებობა გახდა.

ამასთან, შეგახსენებთ, იმასაც რომ წინა ტენდერში „მაგთიმ“ და „ჯეოსელმა“ მონაწილეობა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან მიღებული წერილის გამო არ მიიღეს. წერილის თანახმად, რომ ტენდერით დადგენილი პირობები არსებითად არ განსხვავდება გასული წლის პირობებისგან, რის გამოც, 2017 წლის მარტში, კომისიამ აღნიშნული ტენდერის პირობებით მომსახურების მიწოდების სუბსიდირების საკითხის შესწავლა დაიწყო და მობილურ ოპერატორებს მიეცათ რეკომენდაცია მეტი პასუხისმგებლობით მოკიდებოდნენ ამ მნიშვნელოვან საკითხს.

„ბიზნესპრესნიუსი“ კომუნიკაციების კომისიასაც დაუკავშირდა იმის გასარკვევად დასრულდა თუ არა მოკვლევა და შეძლებდნენ თუ არა „მაგთი“ და „ჯეოსელი“ 26 თებერვალს ახლიდან გამ,ოცხადებულ ტენდერში მონაწილეობას, თუმცა კომისიაში მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ კომისიას მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია და განცხადებას, მოკვლევის დასრულების შემდეგ გააკეთებდნენ.