ბათუმში მდებარე სასტუმრო „ლეოგრანდი“, რომელიც რამდენიმე თვის წინ ხანძრის შედეგად დაზიანდა და სადაც ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, მიმდინარე წლის გაზაფხულზე ფუნციონირებას განაახლებს.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „ლეოგრანდის“ იურისტმა კახა წერეთელმა ექსკლუზიურად განუცხადა, სასტუმროს ახალი სახელწოდება „ველმონდი“ იქნება.
„ამ ეტაპზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ყველა ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით, თუმცა „ლეოგრანდის“ ადმინისტრაციას და თანამშრომლებს სასტუმროში შესვლის და ზოგიერთი ოთახის მოწესრიგების შესაძლებლობა უკვე მიეცათ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ოთახი გამოძიების გამო კვლავ დალუქულად რჩება, ბიზნესს ხელი არ ეშლება. მენეჯმენტის ვარაუდით, სასტუმრო ფუნქციონირებას ზაფხულის სეზონამდე აუცილებლად აღადგენს. დიდი ალბათობით, ეს გაზაფხულზე მოხდება“, - განმარტავს იურისტი.
მისივე ინფორმაციით, ის 500 თანამშრომელი, რომელიც საგამოძიებო პროცესების მიმდინარეობის და სასტუმროს ფუნქციონირების შეჩერების გამო, დროებით უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, სასტუმროში მუშაობას კვლავ განაგრძობს.
„მათთან კონტრაქტები არ გაუქმებულა. ადმინისტრაცია იძულებული გახდა, რომ ისინი დროებით უხელფასო შვებულებაში გაეშვა. პირობა მისცეს, რომ როგორც კი სასტუმრო მუშაობას აღადგენდა, თანამშრომლებიც დაბრუნდებოდნენ. ჩემი ინფორმაციით, აღნიშნული პირობა ძალაში რჩება და 500-ვე ადამიანი თავის სამუშაო ადგილს დაუბრუნდება“, - აღნიშნავს კახა წერეთელი.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში მდებარე სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი 24 ნოემბერს გაჩნდა. ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე იყო, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 22 ადამიანს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
თეონა კენჭიაშვილი