რამდენიმე დღის წინ საკმაოდ მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა - ფოთში კომპანია "აჭარატექსტილმა"ახალი საწარმო გახსნა, სადაც, დაპირების მიხედვით, 3 ათასი ადამიანი დასაქმდება.
კომპანიის დამფუძნებელი თურქი ბიზნესმენი გახლავთ, რომელმაც ახალი საწარმო სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" - მხარდაჭერით შექმნა და ქალის, მამაკაცისა და ბავშვის სპორტული ტანსაცმლის წარმოებას გეგმავს.
ლაპარაკია ისეთ პროდუქციაზე, რომელსაც ლილოს ბაზრობაზე არ ყიდიან: კომპანია უკვე თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა "ნაიკი", "პუმა", "ლოტო", "ენიმა". მათ რიცხვს ახლო მომავალში New Balance და Under Armour შეემატება.
ცნობილი ამბავია, რომ 2012 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასულმა იტალიის ნაკრებმა ბობოყვათში შეკერილი "პუმას" მაისურებით ითამაშა და მაშინ შევიტყვეთ, რომ არსებობდა კომპანია, რომელმაც შეკვეთა "პუმას" ცენტრალური ოფისიდან მიიღო და "სკუადრა აძურასა" და მისი გულშემატკივრებისთვის 200 ათასი ფორმა დაამზადა.
აღმოჩნდა, რომ 2008 წელს აჭარაში დაფუძნებული კომპანია მხოლოდ უცხოურ ბაზარზე მუშაობდა. ფაბრიკაში შეკერილი ფორმებით თამაშობენ ავსტრიის, ბულგარეთის, ჩეხეთის, ურუგვაის, ახალი ზელანდიის, კამერუნის, სენეგალის, მაროკოს, ტუნისის, გვინეის, ბაჰამის კუნძულებისა და საუდის არაბეთის ნაკრებები;
ასევე, საფეხბურთო კლუბები - "დორტმუნდი", "შტუტგარტი", "ტოტენჰემი", "ლაციო", "პალერმო", "უდინეზე", "მონაკო", "ბორდო", "ნიცა", "ბრიუგე", "ოლიმპიაკოსი", აეკ, "ფეიენოორდი", "სპორტინგი"... 2011 და 2012 წლებში 250 ათასი მაისურა შეუკვეთეს "ნიუკასლისთვის".
ერთი შეხედვით, უცნაურია, რომ საქართველოში, ქობულეთის რაიონის სოფელ ბობოყვათში გახსნილი ფაბრიკის ეკიპირებით ქართული გუნდებიდან მხოლოდ პირველი ლიგის "გაგრა" იმოსება.
როგორც აღმოჩნდა, მიზეზი ის უცნაური პრინციპია, რომლითაც ქართულ გუნდებს ფორმას აწვდიან: საქართველოში შეკერილი ფორმების შესაძენად კლუბის წარმომადგენელი ბობოყვათის ფილიალს ვერ დაუკავშირდება - ეკიპირებას "პუმას" ცენტრალურ ოფისს უკვეთავს, რადგან დამზადებული საქონელი პირდაპირ გერმანიაში იგზავნება.
ზემოთ "ნიუკასლისა" და იტალიის ნაკრების შეკვეთები ვახსენეთ - სამწუხაროდ, ამდენ მაისურას ერთად ყველა ქართული კლუბი ვერ ყიდის და ცხადია, პატარა პარტიაზე შეკვეთას არ იღებენ.
ამის გამო, როგორც ადრე ჰქონდათ ქართულ გუნდებს ტრანსპორტირებისა და განბაჟების ხარჯები, ასეა ახლაც. ეს კი სოლიდური თანხაა - რაოდენობის მიხედვით, ეკიპირების განბაჟება კლუბებს 4-დან 8 ათას ლარამდე უჯდებათ, ხოლო ტრანსპორტირება - 1500-4000 ლარამდე.