ახალი საწარმო „პოლიმერ 1“ გაიხსნება

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილიხვალ საწარმოს, „პოლიმერ 1“-ს გახსნის. საწარმო ეკონომიკის სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია და სახელმწიფოს მხარდაჭერით გოფრირებული მილების წარმოებას გეგმავს.

სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია 1985 წლიდან სასმელი წყლისა და გაზის მაგისტრალური სადენებისთვის პოლიეთილენის მილებს აწარმოებს.

„პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანიამ გოფრირებული მილების დამამზადებელი დანადგარების, ნედლეულისა და მზა პროდუქციის ხარისხის განმსაზღვრელი საქარხნო ლაბორატორიის დანადგარების შეძენა, ახალი საწარმოს აშენება და წარმოების ასორტიმენტის გაფართოება შეძლო.

ქარხანაში, სადაც ამჟამად 90 ადამიანია დასაქმებული, წარმადობის ზრდასთან ერთად დამატებით 30 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. აღსანიშნავია, რომ შპს „პოლიმერ 1“ წარმოებული პროდუქციის რელიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე გეგმავს“, - აცხადებენ სამინისტროში.